ავსტრიაში სამი ცენტრისტული პარტია კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა, რომელშიც არჩევნებში პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე ავსტრიის თავისუფლების პარტია არ შევა.
კონსერვატიული სახალხო პარტია (ÖVP), ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPÖ) და ლიბერალური პარტია NEOS კოალიციაზე მეორე მცდელობით შეთანხმდნენ. კოალიცია სამთავრობო პროგრამას პარლამენტში დღეს წარადგენს.
"მაშინ როდესაც სხვები თანამშრომლობაზე უარს ამბობენ და თავს არიდებენ პასუხისმგებლობას, ჩვენ ვაღწევთ შეთანხმებასა და მოქმედების უნარს. საქმე ეხება არა პარტიულ ან პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ ყველა ჩვენგანს, ავსტრიას და ჩვენი ქვეყნის ცხრა მილიონ ადამიანს". - წერია კოალიციურ შეთანხმებაში.
კანცლერობის კანდიდატად კოალიცია, სავარაუდოდ, ÖVP-ის თავმჯდომარეს, კრისტიან შტოკერს დაასახელებს, თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია თუ როგორ გადანაწილდება ახალ კაბინეტში მინისტრთა პორტფელები.
არჩევნების შემდედ ავსტრიის მთავრობის ფორმირებას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში რეკორდული,129 დღე დასჭირდა. კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ზემოხსენებულმა სამმა პარტიამ პირველად იანვარში სცადა, მათი წარუმატებლობის შემდეგ კი მთავრობის ფორმირება არჩევნებში პირველ ადგილზე გასულმა ულტრამემარჯვენე FPÖ-მ სცადა.
FPÖ-ს ლიდერი, ჰერბერტ კიკლმა ახალ სამთავრობო კოალიციას "დამარცხებულთა კოალიცია" უწოდა და ვადამდელი არჩევნები მოითხოვა. მისი თქმით, ახალ არჩევნებში მისი პარტია მიღწეული შედეგის გაუმჯობესებას შეძლებს.