თურქეთის ეკონომიკა

ლირა რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს – 1 დოლარის ღირებულება 14 ლირა გახდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
Financial Times

Reuters-ის თანახმად, თურქული ლირა დოლარის მიმართ ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა და 1 დოლარი 14 ლირა ღირს. ლირა გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც და 1 ევროს ღირებულება 15.3 ევრომდეა.

2021 წელს ლირამ ღირებულების თითქმის 45% დაკარგა, მხოლოდ ნოემბერში კი 28%-ით გაუფასურდა.

თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ცენტრალურ ბანკსა და რეფინანსირების განაკვეთზე განხორციელებული აშკარა პოლიტიკური ზეწოლაა.

ერდოღანმა პირობა დადო, რომ მიუხედავად მაღალი ინფლაციის დონისა, ის ყველანაირად შეეცდებოდა ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. 

ექსპერტების შეფასებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ცენტრალურ ბანკზე განხორციელებული ზეწოლა გააუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და კიდევ უფრო მეტად გაზრდის ინფლაციის ისედაც მაღალ მაჩვენებელს, რომელიც ამჟამად თითქმის 20%-ს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის ხედვა წინააღმდეგობაშია ეკონომისტების დიდი ნაწილის და, მათ შორის, თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ხედვებთან. ერდოღანის აზრით, ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი - რეფინანსირების განაკვეთი არ წარმოადგენს ინფლაციის შემაკავებელ ფაქტორს და პირიქით, გაზრდილი განაკვეთის შედეგია მზარდი ინფლაციის დონეც.
 
ერდოღანის ბრძანებით, ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 16%-მდე შეამცირა და მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთის დამატებით 100 საბაზისო პუნქტით, 15%-მდე შემცირებას დაუჭიროს მხარი.

პრეზიდენტის მოსაზრებას არ იზიარებენ საერთაშორისო საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების ანალიტიკოსებიც და ვარაუდობენ, რომ ერდოღანის მიერ ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა გაამწვავებს ლირის გაუფასურების და ინფლაციის დონის ზრდის პროცესს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

2021 წლის მარტში ედოღანის გადაწყვეტილებით, თანამდებობის დატოვება მოუწია ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ნაჯი აგბალს, რისი მიზეზიც ერდოღანსა და აგბალს შორის არსებული უთანხმოება იყო. 

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მაღალი, თითქმის 15%-იანი ინფლაციის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სურდა, რასაც ერდოღანი ეწინააღმდეგებოდა. 

აგბალის შემდეგ, თანამდებობა საჰაპ კავჩიოღლუმ დაიკავა, რომელიც იზიარებდა ერდოღანის ეკონომიკურ შეხედულებებს. მიუხედავად ამისა, ინფლაციის დონემ ზრდა განაგრძო და სექტემბერში 19.58%-იან ნიშნულს მიაღწია. 

ასევე, გაგრძელდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესიც, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და შესაბამის მაჩვენებლებთან. 

გერმანული Commerzbank-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, თურქული ლირის გაუფასურების პროცესი, შესაძლოა, დიდ ხანს გაგრძელდეს და 2021 წლის ბოლოს ქვეყანაში ინფლაციის დონემ 22%-ს გადააჭარბოს.

კომენტარები