თურქეთის ეკონომიკა

თურქული ლირა რეკორდულად უფასურდება, რადგან ერდოღანი ცენტრალურ ბანკზე ზეწოლას განაგრძობს

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
ფოტო: ft.com

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ ის ცენტრალურ ბანკზე ზეწოლას და რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისთვის ბრძოლას განაგრძობს. 

ერდოღანის განცხადებას საერთაშორისო სავალუტო ბირჟებზე თურქული ლირის მკვეთრი, თითქმის 3%-იანი გაუფასურება მოჰყვა. ამჟამად ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 10.73 ლირას შეადგენს, რაც ბოლო ათწლეულში ლირის გაუფასურების რეკორდული ნიშნულია.

ექსპერტების შეფასებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ცენტრალურ ბანკზე განხორციელებული ზეწოლა გააუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და კიდევ უფრო მეტად გაზრდის ინფლაციის ისედაც მაღალ მაჩვენებელს, რომელიც ამჟამად თითქმის 20%-ს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის ხედვა წინააღმდეგობაშია ეკონომისტების დიდი ნაწილის და, მათ შორის, თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ხედვებთან. ერდოღანის აზრით, ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი - რეფინანსირების განაკვეთი არ წარმოადგენს ინფლაციის შემაკავებელ ფაქტორს და პირიქით, გაზრდილი განაკვეთის შედეგია მზარდი ინფლაციის დონეც.
 
ერდოღანის ბრძანებით, ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 16%-მდე შეამცირა და მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთის დამატებით 100 საბაზისო პუნქტით, 15%-მდე შემცირებას დაუჭიროს მხარი.

პრეზიდენტის მოსაზრებას არ იზიარებენ საერთაშორისო საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების ანალიტიკოსებიც და ვარაუდობენ, რომ ერდოღანის მიერ ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა გაამწვავებს ლირის გაუფასურების და ინფლაციის დონის ზრდის პროცესს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

2021 წლის მარტში ედოღანის გადაწყვეტილებით, თანამდებობის დატოვება მოუწია ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ნაჯი აგბალს, რისი მიზეზიც ერდოღანსა და აგბალს შორის არსებული უთანხმოება იყო. 

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მაღალი, თითქმის 15%-იანი ინფლაციის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სურდა, რასაც ერდოღანი ეწინააღმდეგებოდა. 

აგბალის შემდეგ, თანამდებობა საჰაპ კავჩიოღლუმ დაიკავა, რომელიც იზიარებდა ერდოღანის ეკონომიკურ შეხედულებებს. მიუხედავად ამისა, ინფლაციის დონემ ზრდა განაგრძო და სექტემბერში 19.58%-იან ნიშნულს მიაღწია. 

ასევე, გაგრძელდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესიც, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და შესაბამის მაჩვენებლებთან. 

გერმანული Commerzbank-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, თურქული ლირის გაუფასურების პროცესი, შესაძლოა, დიდ ხანს გაგრძელდეს და 2021 წლის ბოლოს ქვეყანაში ინფლაციის დონემ 22%-ს გადააჭარბოს.

 

 

კომენტარები