აზარტული თამაშები

ღარიბაშვილი: ონლაინ კაზინოებში თამაში ადამიანებმა უსაქმურობის გამო დაიწყეს

საქართველოს პერმიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება აპირებს, ონლაინ კაზინოებში ჩართული ადამიანები, რომლებმაც თამაშზე თუ ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულები უსაქმურობის და სამსახურის არქონის გამო გახდნენ, სხვა საქმიანობებზე გადაიყვანონ.

"ჩვენ გვაქვს გეგმები, რომელიც უკავშირდება სოციალური პოლიტიკის შეცვლას, რომელიც კატასტროფული, დამღუპველია, რადგან ჩვენ თაობებს ვკარგავთ უბრალოდ, ადამიანები მივაჩვიეთ უმუშევრობას და რეალურად გავხადეთ მძევლები ამ არასწორი, არაჯანსაღი სოციალური პოლიტიკისა და ეს უნდა შეიცვალოს. ამის თაობაზე მე ღიად უკვე დავიწყე საუბარი.

ამ მიზანს უკავშირდება ონლაინ კაზინოების შეზღუდვაც. მადლობა ჩვენს პარლამენტს, დეპუტატებს, მესამე მოსმენით დაჩქარებული ტემპებით დღეს იქნა ეს მიღებული. ონლაინ კაზინოებში ჩართული ასობით, ათასობით ადამიანი უნდა გადავიყვანოთ სხვა საქმიანობაზე. თქვენი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 1.5 მილიარდს ხარჯავდა ისევ გაჭირვებული, ღარიბი ფენა, სოციალურად დაუცველები, რომლებიც უსაქმურობის გამო, იმის გამო, რომ ვერ მუშაობდნენ, იმის გამო, რომ სისტემამ უბრალოდ ისინი დააშინა და ვერ მუშაობდნენ, რადგან თუ მუშაობას დაიწყებდნენ, მოეხსნებოდათ სოციალური დახმარება, ამ მანკიერ წრეში ჩაერთნენ, როგორიცაა ონლაინ კაზინოები, თამაში, ნარკომანია და ა.შ." - ამბობს ღარიბაშვილი.

საქართველოს პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები პირველი მარტიდან განხორციელდება. მთავრობა აზარტული თამაშების სფეროს მკაცრად დარეგულირებას, ონლაინ კაზინოების შეზღუდვას და გადასახადების გაზრდას გეგმავს. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აზარტული თამაშების კომპანიებს რეკლამის განთავსების უფლება სრულად შეეზღუდებათ, 25 წლამდე ასაკის პირებს კი – თამაშის უფლება. 

კომენტარები