ალტ-ინფო

ბოკერია ALT-INFO-ზე: კონსტიტუციის ასე ფართოდ განმარტებით, შეიძლება, ნებისმიერი პარტია აიკრძალოს

ისეთი სუსტი დემოკრატიის ტრადიციის მქონე ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, დღეს რომ შედიხარ მაგ ტერიტორიაზე, ანუ იდეების დანაღმულ ველზე, კიდევ უფრო მეტი საფრთხეა, მაშინ, როცა ზედაპირზე გვაქვს დანაშაული, რომელიც ამ ხალხს ჩადენილი აქვს – მოწოდება და დაორგანიზება ძალადობის. თუ მთავრობა გვეყოლება ისეთი, რომელიც ეროვნულ ინტერესებს და თავისუფლებას იცავს, იქ კავშირის დადგენა, დიდი ალბათობით, მტრულ სახელმწიფოსთან, რაც დასჯადია კონკრეტული პირებისთვის, თუ აჩვენებ, რომ ორგანიზაციულად არიან ჩართული, ეს კიდევ სხვა ამბავი იქნება. მაგრამ ამ ეტაპზე იმ მთავრობის პირობებში, რომელიც ამ ხალხს იყენებს ინსტრუმენტად პუტინის რუსეთის პროპაგანდასთან ერთად, პარტიის აკრძალვის თემის წამოჭრა არის იგივე, რაც იყო ევროკავშირის დროშიც ჩამოხევაზე რომ მიიღეს რაღაც კანონი. კონსტიტუციის ჩანაწერით აპელირებდნენ – ჩვენს კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომ აკრძალულია პარტიის რეგისტრაცია, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული, აღვივებს ეთნიკურ, რელიგიურ და ასე შემდეგ, შუღლს, მაგრამ თუ ამ ჩანაწერს ჩვენ ფართოდ განვმარტავთ და კონკრეტული ადამიანების ქმედებებამდე კი არ მივალთ, არამედ ზოგადად, მაშინ, შეიძლება, მთავრობაში ვინც გვეყოლება იმის მიხედვით აიკრძალოს ნებისმიერი პარტია.

ეს ხალხი უნდა დავსაჯოთ იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს, ოღონდ ამას სჭირდება მთავრობის შეცვლა. იქამდე ის ხალხი უნდა იყოს მორალურ, პოლიტიკურ იზოლაციაში, როგორც პოლიტიკური კეთროვანები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვეცადოთ მათი თემების ჩვენკენ გადმოქაჩვას. ამიტომ, ლელოს ერთ-ერთ ლიდერის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში აკრძალვის მოთხოვნის ნაცვლად, ჯობია მაგ საკითხში იყვნენ თანმიმდევრულები.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში პუტინისტური დაჯგუფების, ALT-INFO-ს მიერ დაარსებული პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის აკრძალვის მოთხოვნაზე საუბრისას. 20 ნოემბერს ლელოს დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა დაწერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავდა.

კომენტარები