ალტ-ინფო

ბურჯანაძე: ალტ-ინფოს პარტიის აკრძალვა საკონსტიტუციოში შეიძლება, სირცხვილია მისი არსებობა

Facebook/ Giorgi Burjanadze

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, ძალადობრივი დაჯგუფების - ალტ-ინფოს პარტიად დაფუძნებას ეხმაურება და კონსტიტუციის მიხედვით პარტიის აკრძალვის გზებზე წერს.

ბურჯანაძის თქმით, ისინი, ვინც ამ პარტიის აკრძალვას არ მოითხოვენ, მისთვის მათი ირიბი მოკავშირეები და მხარდამჭერები იქნებიან.

"ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე საშინელი დღე - 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას. 

ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა. 

კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პროცესის ინიცირება შეუძლია:

ა. პრეზიდენტს;
ბ. მთავრობას;
გ. 30 დეპუტატს;

ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება. 

რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია, ყველაფერთან ერთად",  - წერს ბურჯანაძე.

დღეს, 20 ნოემბერს, პუტინისტურმა, ძალადობრივმა დაჯგუფება ალტ-ინფომ, პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობა დააფუძნა

ალტ-ინფო არის პლატფორმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 5-6 ივლისის ძალადობების წაქეზებასა და მათ გამართლებაში. ასევე, ალტ-ინფოს ერთ-ერთი წამყვანი, ზურაბ მახარაძე იყო ერთ-ერთი, ვინც პრაიდის კვირეულის პირველ დღეს, 2 ივლისს გამართულ კონტრაქციას ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, ის პარლამენტის წინ აღმართული "ჯვრის დაცვის" აქციაზე, 9 ივლისს გამოდიოდა ძალადობისკენ მოწოდებებით. 

კომენტარები