მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ევროპარლამენტარები: EU-მ განიხილოს სააკაშვილისადმი არაჰუმანურ მოპყრობაში ჩართულთა სანქცირება

Reuters

23 ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს ღია წერილით მიმართავს

ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შესახებ.

"გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შესახებ, რომელიც მოთავსებულია გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც მის ჯანმრთელობას ემუქრება და ასევე მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ხელისუფლებისა და სხვა პატიმრების მხრიდან". – წერია განცხადებაში

წერილში ასევე ნახსენებია სახალხო დამცველი და მის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც დაასკვნა, რომ სააკაშვილის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა. 

"მიუხედავად იმისა, სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებში, მისი ადამიანური ღირსება და უფლებები დაცული უნდა იყოს. როგორც ჩანს, ის მოკლებულია ადექვატურ სამედიცინო დახმარებას პოლიტიკური მიზეზების გამო. მეტიც, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა არ მისცა მას საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება". – წერია განცხადებაში

ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს ჩარევისა საქმეში, ასევე საჭიროა ევროკავშირმაც მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან არსებობს გამოუსწორებელი ზიანის საშიშროება და მოუწოდეს ევროკავშირს, განიხილოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირების სანქცირების საკითხი. 

"ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს სასწრაფოდ იმოქმედოს, რათა ადექვატურად შეფასდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაქსიმუმი გააკეთოს მისი ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყოს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებს შეეძლოთ მისი მონახულება ციხეში. დამატებით, ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს სანქცირება იმ პირების, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა დაუშვა". – წერია ევროპარლამენტარების წერილში

 



დღეს, 19 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მან ღამე გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა. 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანას დასთანხმდა. სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ის შიმშილობას კლინიკაში გადაყვანისთანავე შეწყვეტს. სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა, იქამდე კი დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 50-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები