პოლონეთი-ბელარუსი

აბსოლუტურად შესაძლებელია – ლუკაშენკო მიგრანტების EU-ში შესვლაში ბელარუსის დახმარებაზე

ალექსანდრ ლუკაშენკო
president.gov.by

ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ BBC-სთან ინტერვიუში ნაწილობრივ აღიარა, რომ არალეგალური მიგრანტების ჯგუფს ბელარუსის მხრიდან, პოლონეთის საზღვრის გადაკვეთაში სამხედროები ეხმარებოდნენ.

"ჩემი აზრით ეს [მიგრანტების დახმარება ბელარუსი სამხედროების მხრიდან] აბსოლუტურად შესაძლებელია. ჩვენ სლავები ვართ, გულები გვაქვს. ჩვენმა სამხედროებმა იცოდნენ, რომ მიგრანტები გერმანიისკენ მიდიოდნენ. სავარაუდოდ, მათ ვინმე დაეხმარა. მე ეს არც მაინტერესებს". - უთხრა ლუკაშენკომ BBC-ის.

პარალელურად, ლუკაშენკომ უარყო ევროკავშირის ბრალდება, რომლის მიხედვითაც ბელარუსი პოლონეთის საზღვართან მიგრანტების კრიზისს ხელოვნურად ქმნის და საკუთარი ნაბიჯებით მიგრანტებს საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისკენ მოუწოდებს.

"მე მათ ვუთხარი, რომ მიგრანტების საზღვარზე დაკავებას და მათ იქ გაჩერებას არ ვაპირებ. თუ მიგრანტების რაოდენობა კვლავ გაიზრდება, მე მათ არ შევაჩერებ, რადგან ისინი ჩვენ ქვეყანაში არ მოდიან, ისინი მოდიან თქვენთან. მე მხოლოდ ეს ვიგულისხმე და მათთვის არ მომიწოდებია. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მსურს, რომ ისინი [ევროკავშირის ქვეყნებში] ბელარუსის გავლით შევიდნენ". - თქვა ლუკაშენკომ.


ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე ათასობით მიგრანტია გაჩერებული. ისინი ძირითადად ერაყიდან, სირიიდან და იემენიდან არიან და ევროკავშირში მოხვედრა სურთ. სასაზღვრო ზონაში ბანაკებში ათასობით ადამიანი სიცივესა და რთულ პირობებშია გაჩერებული. ბელარუსის თანახმად, მიგრანტების ბანაკში 2 000 ადამიანია, ხოლო პოლონური მხარის მიხედვით ეს რიცხვი უფრო დიდი და 3 000- 4 000 ადამიანამდე მერყეობს.

13 ნოემბერს პოლონეთმა ბელარუსი სამხედროები მიგრანტების გასატარებლად მავთულხლართების გაჭრაში დაადანაშაულა. პოლონეთის პოლიციის თანახმად, იმავე რაიონში, საზღვრის ახლოს ტყეში მათ ახალგაზრდა სირიელი კაცის ცხედარი იპოვეს. ბოლო თვეების განმავლობაში პოლონურ მხარეს სამართალდამცველებმა სულ მცირე 8 გარდაცვლილი იპოვეს.

ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნების საზღვარზე მიგრანტების კრიზისი 2021 წლის გაზაფხულზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ლუკაშენკომ გამოაცხადა, რომ ბელარუსი შეწყვეტს მიგრანტების ნაკადის შეჩერებას, რომლებსაც ევროკავშირში მოხვედრა უნდათ.

პარალელურად დაძაბულობაა უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი სამხედროა განლაგებული. პრეზიდენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია კიევს დასავლურმა სახელმწიფოებმა მიაწოდეს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებამ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის შიში გააჩინა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრა განაახლა. მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა რეგიონში სამხედრო წვრთნები ჩაატარეს, მათი ნაწილი ჩვეული დისლოკაციის ადგილს არ დაბრუნებია.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებები მას შემდეგ განახლდა, რაც კრემლმა კიევის მიმართ საკუთარი პოლიტიკა და რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ფედერაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეებში არაერთხელ გააკრიტიკეს უკრაინის კავშირი დასავლეთთან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენეს. პუტინმა თქვა, რომ NATO-ს ნებისმიერი სამხედრო ინფრასტრუქტურის უკრაინაში განთავსება მოსკოვისთვის წითელი ხაზია.

კომენტარები