დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

პოლონეთი: ბელარუსი მიგრანტების საზღვართან გადაყვანას კვლავ აგრძელებს

სიტუაცია პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

პოლონეთის ცნობით, პარასკევს, ბელარუსის მიერ ბანაკის გაწმენდიდან რამდენიმე საათში, მინსკმა ასობით მიგრანტი საზღვართან ისევ გადაიყვანა და საზღვრის არალეგალური გადაკვეთა წაახალისა.

18 ნოემბერს ბელარუსის ხელისუფლებამ საზღვართან მყოფი მიგრანტების ჯგუფი დიდ საწყობში გადაიყვანა. ჟურნალისტებს პროცესის გადაღების უფლება ჰქონდათ. ამასთანავე, ბელარუსმა ასობით ერაყელი სამშობლოში დააბრუნა, რაც თვეების განმავლობაში პირველი რეპატრიაციული ფრენა იყო.

პოლონელი მესაზღვრეების წარმომადგენლის თქმით, 18 ნოემბერს, ხუთშაბათ საღამოსთვის, ბელარუსის მხარის ჩართულობით, საზღვარზე მიგრანტთა რაოდენობა 100-დან 500-მდე გაიზარდა.

18 ნოემბერს გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა და ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ განიხილეს პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებული მიგრანტების კრიზისი და შეთანხმდნენ, რომ პრობლემა ევროკავშირთან მოლაპარაკებების მეშვეობით გადაიჭრას. ეს ქვეყნის ლიდერებს შორის ბოლო კვირაში მეორე სატელეფონო საუბარი იყო.

სატელეფონო საუბრის დროს ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა მიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობას.

ევროკავშირმა გასულ დღეებში ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა. ასევე, გადაწყდა მიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და ამისთვის თანხების გამოყოფა.


ბოლო თვეში, ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიმავალი მიგრანტების ჯგუფების გამო, სიტუაცია დაიძაბა ბელარუსსა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, განსაკუთრებით პოლონეთს შორის. ბელარუსიდან მომავალი მიგრანტების ჯგუფები პოლონეთის საზღვრის გარღვევას ცდილობენ. ვარშავამ საზღვრებზე ჯარისკაცთა რაოდენობა გაზარდა. 

ევროკავშირი მიგრანტების კრიზისს ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი ჰიბრიდული ომის ნაწილად განიხილავს. 

ევროკავშირის მიერ, ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესების განხილვას, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მუქარა მოჰყვა, რომ საპასუხოდ ის ევროპის ქვეყნებს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს. 

ბელარუსის ცაში გამოჩნდნენ ბირთვული შესაძლებლობის რუსული ბომბდამშენებიც, რომლებიც, ლუკაშენკოს განმარტებით, მინსკს საზღვრის მეორე მხარის გასაკონტროლებლად სჭირდება. 

ბალტიის ქვეყნებმა გამოაქვეყნეს გაფრთხილება, რომ სასაზღვრო დაძაბულობა, შესაძლოა, ომში გადაიზარდოს.

პარალელურად რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედროების რაოდენობას კვლავ ზრდის. არსებული ცნობებით, აშშ-მ ევროკავშირი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს.

 

 

კომენტარები