დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

ლუკაშენკოს პოლონეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, საზღვარზე დაძაბულობის ფონზე ბელარუსია პოლონეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას Belta ავრცელებს.

ლუკაშენკოს თქმით, მინსკი დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გამწვავებას უნდა მოერიდოს და მაღალტექნოლოგიურ დასავლეთთან კონტაქტები არ უნდა გაწყვიტოს.

"ახლა ფულს ძირითადად აღმოსავლეთში ვშოულობთ: რუსეთში, ჩინეთში. მაგრამ ჩვენ არ უნდა გავწყვიტოთ კონტაქტები მაღალტექნოლოგიურ დასავლეთთან. ისინი ახლოს არიან, ევროკავშირი ჩვენი მეზობელია. და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კონტაქტი მათთან. ჩვენ მზად ვართ ასე მოვიქცეთ, მაგრამ სათანადოდ უნდა გავითვალისწინოთ საკუთარი ინტერესებიც." - თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ პოლონეთის საზღვარზე დაძაბულობასა და მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

"პოლონელებს უნდა დაველაპარაკოთ. მე ვუთხარი პრემიერს, რომ მათ დაუკავშირდეს. თუ მათ სურთ, შეგვიძლია ვისაუბროთ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობა. ჩვენ მეზობლები ვართ და ამას ვერ აირჩევ, მეზობლებს ღმერთი გვაძლევს." - თქვა ლუკაშენკომ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ ლუკაშენკოს კომენტარს “ცარიელი სიტყვები” უწოდა.


პარალელურად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა თქვა, რომ პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს

"10000-მდე ჯარისკაცი იქნება საზღვარზე, საიდანაც 4000 უშუალოდ მესაზღვრეებს დაუჭერს მხარს, 6000 კი რეზერვში იქნება. ჩვენ ჯარს მივაახლოებთ ბელარუსის საზღვართან, რათა აგრესორი შეშინდეს და თავდასხმა ვერ გაბედოს". - თქვა მინისტრმა. 

8 აგვისტოს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ბელარუსის საზღვართან თავდაცვის ძალებს გააძლიერებენ. სასაზღვრო თავდაცვის ძალების თხოვნის საფუძველზე, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ დამატებით 1 000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. 

თავიდან პოლონეთის სასაზღვრო თავდაცვის ძალებმა თავდაცვის სამინისტროს მიაწოდეს ინფორმაცია ბელარუსის მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის გახშირებული შემთხვევების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევებში პირებს ბელარუსი მესაზღვრეები ეხმარებოდნენ. 

ამჟამად პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე 2 000 ჯარისკაცი მსახურობს 5 000 სასაზღვრო მცველთან ერთად. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე პოლონეთში ბელარუსის საზღვრიდან მიგრაციის წნეხი დიდი იყო, რის გამოც პოლონეთმა 5.5 მეტრის სიმაღლის სასაზღვრო ღობე ააშენა. 

კომენტარები