დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

ლუკაშენკო მერკელს მიგრანტების კრიზისის ევროკავშირთან მოლაპარაკებით გადაჭრაზე დათანხმდა

პოლონეთი-ბელარუსის საზღვარი

გერმანული მედიის, Deutsche Welle-ს ცნობით, გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა და ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ განიხილეს პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებული მიგრანტების კრიზისი და შეთანხმდნენ, რომ პრობლემა ევროკავშირთან მოლაპარაკებების მეშვეობით გადაიჭრას. ამავე ინფორმაციას ავრცელებს БелТА, ბელარუსული სამთავრობო მედიაც.

ეს ქვეყნის ლიდერებს შორის ბოლო კვირაში მეორე სატელეფონო საუბარი იყო.

БелТА-ს ცნობით, საკიტხი ბელარუსისა და ევროკავშირის დონეზე განიხილება და ორივე მხარის ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს. 

სატელეფონო საუბრის დროს ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა მიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობას.

ევროკავშირმა გასულ დღეებში ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა. ასევე, გადაწყდა მიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და ამისთვის თანხების გამოყოფა. 


ბოლო თვეში, ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიმავალი მიგრანტების ჯგუფების გამო, სიტუაცია დაიძაბა ბელარუსსა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, განსაკუთრებით პოლონეთს შორის. ბელარუსიდან მომავალი მიგრანტების ჯგუფები პოლონეთის საზღვრის გარღვევას ცდილობენ. ვარშავამ საზღვრებზე ჯარისკაცთა რაოდენობა გაზარდა. 

ევროკავშირი მიგრანტების კრიზისს ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი ჰიბრიდული ომის ნაწილად განიხილავს. 

ევროკავშირის მიერ, ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესების განხილვას, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მუქარა მოჰყვა, რომ საპასუხოდ ის ევროპის ქვეყნებს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს. 

ბელარუსის ცაში გამოჩნდნენ ბირთვული შესაძლებლობის რუსული ბომბდამშენებიც, რომლებიც, ლუკაშენკოს განმარტებით, მინსკს საზღვრის მეორე მხარის გასაკონტროლებლად სჭირდება. 

ბალტიის ქვეყნებმა გამოაქვეყნეს გაფრთხილება, რომ სასაზღვრო დაძაბულობა, შესაძლოა, ომში გადაიზარდოს.

პარალელურად რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედროების რაოდენობას კვლავ ზრდის. არსებული ცნობებით, აშშ-მ ევროკავშირი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს.

კომენტარები