მიხეილ სააკაშვილი

ადვოკატი: სააკაშვილი გააოცა, რომ პერსონალმა არ იცოდა მიტანილი აპარატურის გამოყენება

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, N18 სამკურნალო პენიტენციური დაწესებულების პერსონალმა არ იცოდა იმ სამედიცინო აპარატურის გამოყენება, რომელიც კლინიკაში მიიტანეს. თუთბერიძის თქმით, როდესაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის გასინჯვა ითხოვეს, პერსონალმა არსებული აპარატურის გამოყენება არ იცოდნენ.

"მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები, უფრო ზუსტად კალიუმის მაჩვენებელი, გუშინ იყო კრიტიკულ ზღვარს დაბლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი. მათ შორის ის, რაც ახლახანს ბესტაევს დაემართა და როგორც ჩარევა დაგვიანებული აღმოჩნდა იმ შემთხვევაში, შესაძლებელია ამ შემთხვევაშიც ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. 

ამასთან, ჩვენ და პრეზიდენტი მადლიერებას გამოვხატავთ იმ კონსილიუმის მიმართ, რომელიც წუხელ ესტუმრა და შეისწავლა. ასევე აღნიშნავს, რომ თავად მისი გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პერსონალმა უბრალოდ არ იცოდა იმ აპარატურის გამოყენება, რომელიც ამ კლინიკაში სასწრაფო წესით არის მიტანილი და გაოცებული, გაკვირვებული იყო, როცა შეამჩნია, რომ კონსილიუმის წევრებმა როცა ითხოვეს რომ გაესინჯათ, დიაგნოსტიკა მოეხდინათ, უბრალოდ არ იყო პერსონალი, ვინც ამას გააკეთებდა და ვისაც ეცოდინებოდა ამ აპარატურასთან როგორ უნდა ემუშავა". – თქვა თუთბერიძემ.

16 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მოინახულა. ექსპერტთა ჯგუფის საბოლოო დასკვნა, სავარაუდოდ, დღეს, 17 ნოემბერს გახდება ცნობილი.

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 48-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები