მიხეილ სააკაშვილი

მელია: რეჟიმი მეთოდურად უნდა ჩამოიშალოს, შეუწყვეტავი იქნება ეს აქციები

ნიკა მელია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ აუცილებელია შეუწყვეტავი აქციებით რეჟიმის ჩამოიშალოს. 

“დღეს სახელმწიფო არის, როგორც არასოდეს ოკუპირებული. რეჟიმი, რომელიც მართავს სახელმწიფოს, არის სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი. ამ რეჟიმის წინააღმდეგ ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო, ყოველდღიური ბრძოლა. ბრძოლა, რომელიც აუცილებლად გამოიტანს შედეგს. ის, რაც დღეს კიდევ მორიგჯერზე ვიხილეთ, რომ დატყვევებული ადამიანი - მიხეილ სააკაშვილი, არათუ დაპატიმრებული, არამედ დატყვევებულ ადამიანს არ ეძლევა უფლება, რომ თუნდაც უსამართლო სასამართლოთიც კი ისარგებლოს. და მიზეზად პროპაგანდისტულად სხვადასხვა საფუძველს მოიფიქრებენ და დაუდებენ სარჩულად, თითქოს რაღაცა ეფემერული, სადღაც 500-600 კერძო სატრანსპორტო საშუალებებით ჩაიხერგება თურმე გზები და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების ზრუნვიდან გამომდინარე ადამიანი, დატყვებული ციხეში არ მიჰყავთ უკვე მეორეჯერ სასამართლოში, უსამართლო სასამართლოშიც კი.  რაშია თურმე საქმე, რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი; რაშია თურმე საქმე, რატომ არ ახორციელებინებენ კუთვნილ სატელეფონო ზარებს მიხეილ სააკაშვილს. რატომ იტაცებენ ციხიდან ციხეში ადამიანს და ა.შ. და ა.შ.  ხალხნო, საქართველოს მოქალაქე ქუჩაში, ყოველდღიურად მზარდი საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში, სხვადასხვა საპროტესტო აქციებში არის ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში.

[...] მეთოდურად  ეს რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს, შეუწყვეტავი იქნება ეს აქციები და რაც არ უნდა დაკავებულები ვიყოთ” - ამბობს მელია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მეტრო ავლაბართან ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შეიკრიბნენ. უკვე დაიწყო მსვლელობა, აქტივისტები აპირებენ საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას თბილისის ორივე სანაპიროზე.

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 46-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 

კომენტარები