მიხეილ სააკაშვილი

მელია: 15 ნოემბერს მეტრო ავლაბრიდან დავიწყებთ მსვლელობას და გადავკეტავთ ორივე სანაპიროს

15 ნოემბერს, 14:00-ზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მეტრო ავლაბართან შეიკრიბებიან. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ამის შემდეგ გაიმართება მსვლელობა და გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე.

"მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავე გახდება.

არანაირი საფუძველი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ არის გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში, რეჟიმს არ გააჩნია გარდა ერთისა - არაადამიანური მოპყრობით პირადი შურისძიება.

ეს არის უმწვავესი საპროტესტო არაძალადობრივი აქცია, რომელსაც ხვალ გავმართავთ, მსგავსი ჯერ არ გაგვიმართავს, ეს ემსახურება გაფრთხილებას, რომ რეჟიმი მოეგოს გონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო ფორმები გამწვავდება" - განაცხადა ნიკა მელიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარტია იღებს სრულ პასუხისმგებლობას, არანაირი საპროტესტო აქცია არ გამართოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ, სამოქალაქო საავადმყოფოთან.

"მეტიც, მე ვთავაზობ შესაბამის უწყებას, ჩამოაყალიბოს ჯგუფი, სადაც შევლენ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ადვოკატი, ერთი ოჯახის წევრი, ენმ-ს ერთი წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების ერთი, მაქსიმალურად მაღალი ნდობით მოსარგებლე წევრი, რათა გავიაროთ ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით და თავიდან ავირიდოთ მაქსიმალურად ყველა გაუგებრობა და ექსცესი.

ძვირფასო ხელისუფლების წარმომადგენლებო, თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ გადაარჩინოთ ადამიანი, რომელსაც კლავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვთქვი ბევრჯერ და ვიმეორებ, საპროტესტო მოძრაობა გახდება უმწვავესი, მაგრამ იქნება არაძალადობრივი, ისეთი, როგორიც ჯერ არ გინახავთ. არავინ არ შეეგუება ამ ქვეყანაში, ჩვენ თვალწინ, ჩვენი უმოქმედობით, თქვენი გეგმით გვაყურებინოთ მესამე პრეზიდენტის მკვლელობას" - განაცხადა ნიკა მელიამ.


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 45-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

კომენტარები