დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

"ჩვენ არაფერ შუაში ვართ" – პუტინი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების კრიზისზე

ვლადიმირ პუტინი
ფოტო: telegraph.co.uk

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უარყო, რომ რუსეთი ბელარუსთან ერთად ევროკავშირის საზღვრებთან მიგრანტების კრიზისის ხელოვნურად შექმნაში მონაწილეობს.

"მინდა ყველამ იცოდეს, ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ. ცდილობენ, ნებისმიერი საბაბით და ყველანაირი მიზეზის გარეშე დაგვაკისრონ პასუხისმგებლობა... კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსუვა, რომ რუსეთი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია, ჩვენ საერთოდ არ ვმონაწილეობთ არანაირ პროცესებში" – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპელი ლიდერები კრიზისი გადასაჭრელად ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს უნდა ესაუბრონ.

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული ეს კრიზისები თვითონ დასავლური, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდან წამოვიდა" – თქვა პუტინმა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ლუკაშენკოს მუქარა, როგორც ტრანზიტულმა ქვეყანამ, შეუწყვიტოს ევროკავშირის გაზის მიწოდება სანქციების საპასუხოდ, რუსეთთან კონტრაქტის პირობებს დაარღვევს. პუტინის თქმით, ლუკაშენკომ ეს განცხადება შესაძლოა ცხელ გულზე გააკეთა.

ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე ათასობით მიგრანტია გაჩერებული. ისინი ძირითადად ერაყიდან, სირიიდან და იემენიდან არიან და ევროკავშირში მოხვედრა სურთ. სასაზღვრო ზონაში ბანაკებში ათასობით ადამიანი სიცივესა და რთულ პირობებშია გაჩერებული. ბელარუსის თანახმად, მიგრანტების ბანაკში 2 000 ადამიანია, ხოლო პოლონური მხარის მიხედვით ეს რიცხვი უფრო დიდი და 3 000- 4 000 ადამიანამდე მერყეობს.

შაბათს, 13 ნოემბერს პოლონეთმა ბელარუსი სამხედროები მიგრანტების გასატარებლად მავთულხლართების გაჭრაში დაადანაშაულა. პოლონეთის პოლიციის თანახმად, იმავე რაიონში, საზღვრის ახლოს ტყეში მათ ახალგაზრდა სირიელი კაცის ცხედარი იპოვეს. ბოლო თვეების განმავლობაში პოლონურ მხარეს სამართალდამცველებმა სულ მცირე 8 გარდაცვლილი იპოვეს.

ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნების საზღვარზე მიგრანტების კრიზისი 2021 წლის გაზაფხულზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ლუკაშენკომ გამოაცხადა, რომ ბელარუსი შეწყვეტს მიგრანტების ნაკადის შეჩერებას, რომლებსაც ევროკავშირში მოხვედრა უნდათ. მას შემდეგ მიგრანტების გაზრდილ რაოდენობასთან გამკლავება მოუწია ჯერ ლიტვას, შემდეგ ლატვიასა და პოლონეთს. ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ თქვეს, რომ ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები და მესაზღვრეები ეხმარებიან მიგრანტებს საზღვრამდე მიღწევასა და მის გადაკვეთაში. კრიზისის გამო ბელარუსს სანქციების ახალი ტალღა ემუქრება. ლიტვამ, ლატვიამ და პოლონეთმა საიმიგრაციო კრიზისის გამო სხვადასხვა დროს სასაზღვრო ზონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და საზღვრებზე დამატებითი ჯებირებს მშენებლობა დაიწყეს.

კომენტარები