მიხეილ სააკაშვილი

ხაზარაძე სააკაშვილის კადრებზე: ოკუპანტის გულის მოგებაა, ოცნება ინსტიტუტს ფეხქვეშ თელავს

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ ძალის გამოყენებით მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.  

"მხოლოდ სირცხვილი არ არის ის გრძნობა, რომელიც გეუფლება ასეთი კადრების ნახვის დროს, კადრების, როდესაც ათრევენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის. ეს არის მტრის, ოკუპანტის გულის მოგება, მათთან დაუფარავი კავშირის აღიარება, იმის ღია მტკიცებულება, რომ ოცნების ხელისუფლება დავალებას გულმოდგინედ ასრულებს, რომელიც ჩვენს თვალწინ ათრევს და ფეხქვეშ თელავს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ადამიანის ღირსებას, თავისუფლებას. ყველაფერს იმას, რაც ასე ძვირფასია ჩვენი მოქალაქისთვის და სახელმწიფოსთვის". - წერს ხაზარაძე. 

პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრები ორჯერ გაავრცელა. პირველად გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიათრევს რამდენიმე ადამიანი მიხეილ სააკაშვილს პალატაში, შემდეგ კი იატაკზე ტოვებს. ამის შესახებ სააკაშვილმა სახალხო დამცველს იმავე დღეს აცნობა. კადრების გავრცელების კანონიერებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მეორე ვიდეოში კი მიხეილ სააკაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ზის და ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე უარს ამბობს

"წამიყვანეთ უკან, რუსთავის ციხეში, მე აქედან ჩემი ფეხით არ გადმოვალ, თქვენ ხართ პუტინის ჯალათი, ივანიშვილის ლეკვო". - მიმართავს ის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 42 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები