მიხეილ სააკაშვილი

მელია: რეჟიმმა კადრების გავრცელებით მათთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაყვანის კადრების გავრცელება ქართული ოცნებისთვის იძულებითი ნაბიჯი იყო და ამავდროულად, მათთვის ძალიან მტკივნეული.

"პენიტენციური უწყების მიერ გავრცელებული კადრები არის იძულებითი ნაბიჯი მათ მიერ გადადგმული, მათ იცოდნენ, რომ სხვადასხვა გზით, ადრე თუ გვიან ეს კადრები გავრცელდებოდა. ისიც იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მათ მოუწევდათ ვიდეოკადრების მიწოდება დასტურად იმისა, თუ როგორ იქნა მიხეილ სააკაშვილი შეყვანილი, მათი ენით შესახლებული, რეალურად ძალადობით შეყვანილი გლდანის ციხეში და ურთულესი დილემის წინაშე მდგომმა ქართული ოცნების რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება მათთვის ძალიან მტკივნეული, რომ თავად გაევრცელებინათ ეს კადრები", - ამბობს მელია.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილს, რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიათრევს, ხოლო შემდეგ მას იატაკზე ტოვებენ. ნიკა მელიას თქმით, საზოგადოებას სჭირდებოდა პასუხი კითხვაზე, რა მოხდა ექსპრეზიდენტის რუსთავის ციხიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის დროს, რაზეც პასუხი დღეს მიიღო.

"იქ ჩანს ძალადობა დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მოტყუებით გადაიყვანეს იქ, სადაც მისი გადაყვანა არ შეიძლებოდა. კითხვა ხო უნდა დაისვას, თავისი ნებით თუ მიყვებოდა რუსთავის ციხიდან, როგორც თავად ამბობენ და ჩვენ ეს ვიხილეთ, თავისი ინიციატივით პირად ნივთებს ალაგებდა და ისე გამოდიოდა მშვიდად, აბსოლუტურად ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, რა მოხდა იქ, როდესაც B პუნქტში გადაიყვანეს, ეს კითხვა ხო ლოგიკურად ისმის და პასუხიც გვჭირდებოდა საზოგადოებას და ეს პასუხი დღეს ვიხილეთ რეჟიმის მიერ გავრცელებული კადრებით, რომელიც იძულებული გახდა ეს ყველაფერი გაევრცელებინა", - თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ.

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 42 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები