მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე უკრაინის საგარეოზე: გადაწყვეტილებას სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე მივიღებთ

ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება. სამინისტრო ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.  

"ჩვენი პასუხი არის ის, რომ იქნება კომუნიკაცია შესაბამის უკრაინულ უწყებებთან და აქ პრობლემა არ არის. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე". - ამბობს კობახიძე.  

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი იმედგაცრუებული არიან  უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გლდანში, მეთვრამეტე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანით და იმით, რომ უკრაინული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო. 

"მოვუწოდებ ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, რომელსაც ექნება ყველა აუცილებელი შესაძლებლობა სამედიცინო და გადაუდებელი ზრუნვის აღმოჩენისთვის.

დღეს ამის შესახებ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას გადაეცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა.

უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის სამომავლო ყოფნა პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში შექმნის დამატებით რისკსა და დაძაბულობას, რომელიც, შესაძლოა, აცილებული იქნას ჰუმანიტარული მოსაზრებით.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო აგრძელებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტაციის განსაკუთრებულ კონტროლს". - წერია განცხადებაში. 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 6 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამასთან, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მოთხოვნაც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. აქციამ მოგვიანებით მთავრობის სახლთან გადაინაცვლა. 9 ნოემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა იუსტიციის სამინისტროსთან, 19:00 საათზე კი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რუსთაველზე შეიკრიბებიან. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები