მიხეილ სააკაშვილის დაკავება

უკრაინა: დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანა იმედგაცრუებას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანით და მოუწოდებს ქართულ მხარეს, რომ ექსპრეზიდენტი გადაიყვანონ სამედიცინო კლინიკაში.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გლდანში, მეთვრამეტე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანით და იმით, რომ უკრაინული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო. 

მოვუწოდებ ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, რომელსაც ექნება ყველა აუცილებელი შესაძლებლობა სამედიცინო და გადაუდებელი ზრუნვის აღმოჩენისთვის.

დღეს ამის შესახებ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას გადაეცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა.

უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის სამომავლო ყოფნა პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში შექმნის დამატებით რისკსა და დაძაბულობას, რომელიც, შესაძლოა, აცილებული იქნას ჰუმანიტარული მოსაზრებით.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო აგრძელებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტაციის განსაკუთრებულ კონტროლს.

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გლდანის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს სააკაშვილის შიმშილობის 39-ე დღეა. 

ექსპრეზიდენტი, ცუდად გახდომის შემთხვევაში, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა. მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ცნობით, ასეთივე იყო კონსილიუმის საბოლოო დასკვნაც, რომელიც მათ დღეს, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე ცოტა ხნით ადრე მიიღეს. 

პენიტენციური სამსახურის განცხადება პირველი ოფიციალური ინფორმაცია იყო, რომელიც გავრცელდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ მისი შვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვერტფმრენით გადაიყვანეს. 

არც ადვოკატები და არც სააკაშვილის ოჯახის წევრები წინასწარ ინფორმირებულები არ იყვნენ. მეტიც, თითქმის ერთი საათის განმავლობაში უცნობი იყო ექსპრეზიდენტის ადგილმდებარეობის შესახებ. 

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს აქვს შიმშილობა გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც დღეს, შიმშილობის მე-6 დღეს შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ის მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს აცხადებს გადასხმებზე. 

ამასთან, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია იმართება, რომლის მოთხოვნაც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. ხელისუფლებისთვის მიცემული 24-საათიანი ულტიმატუმის ვადა გუშინ საღამოს ამოიწურა. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

 

კომენტარები