მიხეილ სააკაშვილის დაკავება

წულუკიანი: მივესალმები პრეზიდენტის განცხადებას, დაადასტურა, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს

თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე მისი პოზიცია უცვლელია და ეს არასდროს მოხდება. 

წულუკიანის თქმით, ის მიესალმება პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას. 

"მივესალმები ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ არ მოხდება მესამე პრეზიდენტის შეწყალება, ვინაიდან მას დანაშაულები აქვს ჩადენილი, ეს დადასტურებულია შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებებით და როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, დამნაშავემ უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც აქვს მისჯილი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი შეფასებები და კომენტარები ამ საკითხს აღარ სჭირდება და ყველა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ როდესაც ჩადი დანაშაულს, იქ არის უკვე კანონით გათვალისწინებული სასჯელიც". - ამბობს წულუკიანი. 


ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 35-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

3 ოქტომბრეს მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა და თქვა, რომ ის კიდევ უფრო დასუსტებულია და ტესტების პასუხიც გაუარესდა. თუმცა, პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. 

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 3 ნოემბერს პარლამენტში შიმშილობა დაიწყო. ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.

კომენტარები