არჩევნები 2021

მელია: 2 ნოემბერს, 17:00 საათზე აქცია იქნება ბათუმში, 18:00-ზე შევიკრიბებით რუსთავის ციხესთან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ხვალ 2 ნოემბერს ბათუმსა და რუსთავში საპროტესტო აქციები გაიმართება.

ბათუმში აქცია 17:00-ზე აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართება, ხოლო რუსთავის ციხესთან 18:00-ზე. მელიას თქმით, რუსთავის ციხესთან აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში 1 ოქტომბრის შემდეგ იმყოფება და დაკავების დღიდან შიმშილობს.

"მეგობრებო! საქართველო პროტესტს იწყებს!

ხვალ, 17 საათზე ბათუმში დაიწყება პროტესტი (აჭარის მთავრობის სახლთან)

ხვალვე, 18 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან. შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე!

ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება!" – წერს მელია Facebook-ზე.

ოპოზიცია ასევე გეგმავს 6 ნოემბერს საპროტესტო აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართოს. მელიას თქმით, 6 ნოემბრამდე ოპოზიციის წევრები ჩავლენ ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები