თბილისი

თბილისს საზღვრებს უცვლიან – 1 მლნ მ² მიწა ერთი ბიზნესმენის გამო გარდაბანს გადაეცემა

Tbilisi Hills Golf Resort

პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები იცვლება და 1 მილიონი კვადრატული მეტრის, ანუ 100 ჰექტარი მიწის ფართობი გარდაბნის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. 

აღსანიშნავია, რომ მთავრობა საზღვრების შეცვლას ერთი ინვესტორის, ოლეგ ოსინოვსკის სურვილის გამო გეგმავს. 

ოსინოვსკი კომპანია Primera Golf & Residence-ის მფლობელია და ის თბილის-გარდაბნის საზღვარზე 331 ჰექტარ მიწის ფართობს ფლობს, სადაც Tbilisi Hills-ის საცხოვრებელი სახლები და გლოფ კლუბია განთავსებული. აღნიშნული ტერიტორიიდან 100 ჰექტარი თბილისის მუნიციპალიტეტს მოიცავს, რაც, ოსინოვსკის მტკიცებით, მენეჯმენტისთვის პრობლემას წარმოადგენს. 

ინვესტორმა ტერიტორია 2014 წელს შეიძინა და მან წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტს ადმინისტრაციული საზღვრების კორექტირების მოთხოვნით. 

10 ივნისს გარდაბნის მუნიციპალიტეტმა გაავრცელა განცხადება ადმინისტრაციული საზღვრების კორექტირების შესახებ. 

"2014 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიამ შეიძინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 311 127 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 78 კვ.მ. შენობა-ნაგებობა №1. 

ხელშეკრულებით ცალსახად იყო გათვალისწინებული, რომ მიწა მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში. მოგვიანებით გაირკვა, რომ მიწის ნაწილი გადადის თვითმმართველი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

შპს პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცმა მოგვმართა თხოვნით, მოხდეს ადმინისტრაციული საზღვრების კორექტირება იმგვარად, რომ მიწა სრულად მოხვდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და წარმოადგინა ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შედეგად მიღებული ტერიტორიის რუკები". – წერია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე. 

დეპუტატ ბექა დავითულიანის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილება საინვესტიციო ვალდებულებებითა და მენეჯმენტთან დაკავშირებული გამოწვევებით აიხსნება.

"როცა კომპანია ახორციელებდა ინვესტიციას, მთავრობასთან იყო დადებული მემორანდუმი და გათვლები ისე იყო გაკეთებული, რომ ინვესტიცია გარდაბანში უნდა განხორციელებული, უბრალოდ, თბილისის მიწების ნაწილი მოხვდა იქ. 

ახლა გამოდის, რომ სამართლებრივად ინვესტორს უდიდესი ნაწილი აქვს გარდაბანში, ნაწილი კი თბილისში და ადმინისტრირება-მენეჯმენტი გაუჭირდა. ეს კომპანია ამას წლებია ითხოვს". – ამბობს დავითულიანი. 

როგორ შედგა საინვესტიციო შეთანხმება ტერიტორიების ზუსტად განსაზღვრის გარეშე და რატომაა ახლა საჭირო დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა, ჯერჯერობით, უცნობია. 

წყარო: გარდაბნის მუნიციპალიტეტი


 

კომენტარები