კორონავირუსი საქართველოში

გერმანიამ საქართველოს COVID 19-ის სამკურნალო მონოკლონური ანტისხეულები გადასცა

iStock [illustration]

გერმანიის მთავრობამ საქართველოს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ მონოკლონური ანტისხეულები გადასცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დონაცია 3 000 დოზაზე მეტ კასირივიმაბისა და იმდევიმაბისგან შედგება.

მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება COVID 19-ით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ მოხდება.

"საქართველოს, გერმანიის მთავრობის მხრიდან, გადმოეცა მონოკლონური ანტისხეულები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პაციენტების მკურნალობისთვის, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის ელჩს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში. საქართველოში უკვე მზად არის პროტოკოლი, რის მიხედვითაც ჩვენი პაციენტები მიიღებენ მონოკლონურ ანტისხეულებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის ხარისხს". – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კასირივიმაბი/იმდევიმაბი ფარმაცევტული კომპანია "როში"-ს მიერ არის წარმოებული. ამ პრეპარატზე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გაცემული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. ეს მედიკამენტი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.


მონოკლონური ანტისხეულები არის ლაბორატორიაში დამზადებული პროტეინები, რომლებიც იმუნურ სისტემას ბაძავენ და ორგანიზმში არსებულ ანტიგენებს ებრძვიან.


კორონავირუსით გასულ დღე-ღამეში საქართველოში კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 2 141 ახალი შემთხვევა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 674.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 721 388 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 665 599 პაციენტი და გარდაიცვალა –  10 089.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები