იაპონია

იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

ფუმიო კიშიდა
Reuters

იაპონიის პარლამენტის ქვედა, წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიამ გაიმარჯვა.

თავდაპირველი ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია უმრავლესობის მოპოვებას ვერ ახერხებდა და პარტნიორ პარტიასთან, კომეიტოსთან კოალიციის შექმნა დასჭირდებოდა. თუმცა საბოლოოდ, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ 261 მანდატი მოიპოვა, უმრავლესობისთვის პარლამენტში 233 ადგილის მოპოვებაა საჭირო. პარტია კომეიტომ 32 მანდატი მიიღო. კოალიციას მთლიანობაში 293 ადგილი ექნება.

იაპონიის პარლამენტი ორ პალატისგან, წარმომადგენელთა და მრჩეველთა პალატისგან შედეგება. 31 ოქტომბრის არჩევნებში მოსახლეობა წარმომადგენელთა პალატას ირჩევდა. მრჩეველთა პალატის არჩევნები მომავალ წლს გაიმართება.

არჩევენებში გამარჯვება მნიშვნელოვანი წარმატებაა პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდასთვის, რომელმაც პოსტი ერთი თვის წინ დაიკავა და თანამდებობაზე იოშიჰიდე სუგა ჩაანაცვლა. სუგამ პრემიერმინისტრის პოსტი ერთწლიანი მმართველობის შემდეგ დატოვა შემცირებული საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფონზე. სუგას გადაწყვეტილება, ოლიმპიური თამაშები ჩატარებულიყო კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, მოსახლეობაში არაპოპულარული იყო და საზოგადოების დიდი ნაწილი თამაშების გადადებას ან გაუქმებას ემხრობოდა.

პრემიერმინისტრის თქმით, მმართველმა კოალიციამ საზოგადოებისგან მართვის მანდატი მიიღო.

"ქვედა პალატის არჩევნებით მმართველი პარტია ირჩევა. თუ მმართველმა კოალიციამ უმრავლესობა მოიპოვა, მივიჩნევ, რომ ეს ნდობის გამოცხადებაა" – თქვა კიშიდამ.

პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებმა მაჟორიტარულ ოლქებზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწიეს მმართველ პარტიას.

64 წლის ფუმიო კიშიდა იაპონიის პოლიტიკაში აქტიურად 1993 წლიდან ჩაერთო, როდესაც ის პარლამენტში პირველად აირჩიეს. ის ჰიროშიმას წარმოადგენდა. მისი მამაც და ბაბუაც პარლამენტარები იყვნენ. 2012-2017 წლებში ფუმიო კიშიდას იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

კომენტარები