ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გუშინ, 29 ოქტომბერს, სუს-ის მიერ "შეთქმულების ფაქტზე" გამოძიებასთან დაკავშირებით გავრცელებული აუდიოფაილები მტკიცებულების ერთ-ერთი ნაწილია და დანარჩენი მასალებიც გამოქვეყნდება.
"ასევე აღინიშნა, რომ ეს ჩანაწერი არის მხოლოდ ერთ-ერთი მტკიცებულება ამ საქმეში, დაელოდეთ, დაელოდეთ, დაელოდეთ, მოსმენა ოფიციალური ორდერის საფუძველზე მიმინარეობდა, ნაწილი უკვე გამოქვეყნდა, დანარჩენიც გამოქვეყნდება, ეს მხოლოდ ერთი ნაწილია". - ამბობს ირაკლი კობახიძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე" გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. სუს-მა აუდიოფაილებიც გაავრცელა, რომელიც მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი. გავრცელებულ მასალებში, უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ენმ-ს წევრები "დესტრუქციულ ქმედებებზე" საუბრობენ. სუს-ის განცხადებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.
გამოძიება სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 29-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტიის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.





