პოლონეთი

პოლონეთი EU-ს ყოველდღიურ ჯარიმაზე: პოლონეთი 1 ზლოტსაც ვერ გადაიხდის, არც უნდა გადაიხადოს

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის თქმით, პოლონეთი ევროკავშირის მართლსაჯულების მიერ დაწესებული ყოველდღიური €1 მილიონის გადახდას არ აპირებს. 

"პოლონეთის მთავრობა უსამართლობის წინაშე ქედს ვერ მოიხრის. პოლონეთი ერთ ზლოტსაც ვერ გადაიხდის და არც უნდა გადაიხადოს", – თქვა პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა, ზბიგნევ ზიობრომ პრესკონფერენციაზე. 

გასულ დღეებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (ECJ) პოლონეთი დაავალდებულა, ყოველდღიურად 1 მილიონი ევრო გადაიხადოს. ჯარიმა საკანონმდებლო რეფორმებზე უთანხმოებას უკავშირდება. პოლონეთი უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს დისციპლინარული პალატის გაუქმებაზე. EU-ს მართლმსაჯულების სასამართლო კი მიიჩნევს, რომ ამ პალატის შექმნა ევროკავშირის კანონმდებლობას არ შეესაბამება.

ამას გარდა, 20 სექტემბერს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ პოლონეთი დაავალდებულა ყოველდღიურად გადაეხადა €500 000, რადგან ვარშავამ უარი თქვა ჩეხეთის საზღვართან მყოფი ტუროვის ქვანახშირის მაღაროს დახურვაზე. 2021 წლის ივნისში პრაღამ მიმართა ECJ-ის საჩივრით, რომ ეს მაღარო გარემოს აბინძურებდა და ვარშავის ყოველღიურად €5 მილიონით დაჯარიმება მოითხოვა. 

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის თქმით, ვარშავა არც ერთი დაწესებული გადასახადის გადახდას არ აპირებს. 

უზენაესი სასამართლოს დისციპლინარული პალატა 2018 წელს ჩამოყალიბდა პოლონეთის სასამართლო რეფორმის ფარგლებში. პალატას უფლება აქვს, დისციპლინარული ზომები გამოიყენოს მოსამართლეების წინააღმდეგ, მათ შორის მოსამართლეები თანამდებობიდან გაათავისუფლოს. დისციპლინარული პალატის წევრებს პრეზიდენტი ნიშნავს.

ევროკომისიამ დისციპლინარული პალატის შექმნა გააკრიტიკა და თქვა, რომ ის შეიძლება მოსამართლეებზე პოლიტიკური გავლენისთვის იყოს გამოყენებული. 2021 წლის ივლისში ევროკავშირის სასამართლომ მოითხოვა დისციპლინარული პალატის დაშლა, რადგან ის არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, რაზეც ვარშავა უარს ამბობს.

ევროკავშირსა და პოლონეთს შორის პოლონეთის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე წელია დაპირისპირებაა. დაპირისპირების ფონზე 2021 წლის  7 ოქტომბერს პოლონეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში პოლონეთის კანონმდებლობას ევროკავშირისაზე მაღლა აყენებს. ამ გადაწყვეტილებამ გააჩინა შიში, რომ პოლონეთი სულ უფრო შორდება ევროკავშირს და მისი გაერთიანებიდან გასვლის საფრთხე არსებობს. სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლონეთში ხალხმრავალი აქციები მოჰყვა.

კომენტარები