პოლონეთი

ECJ: პოლონეთის სასამართლო რეფორმა ევროკავშირის კანონმდებლობას არ შეესაბამება

პოლონეთის უზენაესი სასამართლოს შენობა
Reuters

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (ECJ) პოლონეთის სასამართლო რეფორმა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ მიიჩნია. სასამართლოს განჩინება ეხება უზენაეს სასამართლოში შექმნილ დისციპლინარული პალატის შექმნას. პალატის მიზანი მოსამართლეთა დისციპლინირებაა.

სასამართლოს დადგენილებით, პალატა "არ უზრუნველყოფს მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობის გარანტიას, კერძოდ, არ არის დაცული პოლონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენისგან".

"პოლონეთმა ვერ შეძლო, შეესრულებინა ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები. როდესაც სასამართლო [ECJ] ადგენს, რომ ვალდებულებები არ შესრულდა, წევრი სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს საჭირო ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად" - ნათქვამია მართლმსაჯულების განცხადებაში.

უკვე რამდენიმე წელია, ვარშავა და ბრიუსელი ვერ თანხმდებიან პოლონეთის მიერ გატარებულ რეფორმებზე, რომელთა ინიციატორი არის ქვეყნის მმართველი, მემარჯვენე პარტია კანონი და სამართალი.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ უკვე მოუწოდა ვარშავას, შეეჩერებინა დისციპლინარულ პალატასთან დაკავშირებული რეფორმები. თუმცა პოლონეთის უზენაესი სასამართლოს განცხადებით, ECJ-ს მოთხოვნა პოლონეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ქვეყანამ ის არ უნდა შეასრულოს.

"ნებისმიერი პოლონელი მოქალაქისთვის ნათელია, რომ კონსტიტუცია უზენაესი საკანონმდებლო დოკუმენტია" - თქვა პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ. მორავეცკი და პოლონეთის იუსტიციის მინისტრი ზბიგნევ ჟიობრო მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის პოზიცია პოლიტიკურადაა მოტივირებული.

ევროკავშირის წევრობის აუცილებელი პირობაა ევროკავშირის კანონმდებლობის წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობაზე უზენაესობა. პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლო რეფორმის გატარება ევროკავშირის კანონმდებლობის უზენაესობის პრინციპს გამოწვევის წინაშე აყენებს.

ბრიუსელთან დაპირისპირების გაგრძელებით პოლონეთი ფინანსური დახმარების შემცირების რისკის წინაშე დგება. გეგმის მიხედვით 2028 წლამდე პოლონეთმა ევროკავშირისგან 200 მილიარდი დოლარი უნდა მიიღოს. 

პოლონეთის მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ევროკავშირს კანონი და სამართალი შორდება და არა პოლონეთი.

"ევროკავშირს პოლონეთი კი არ ტოვებს, არამედ  კაჩინკსი და მისი პარტია" - თქვა დონალდ ტასკმა, პოლონეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა. იაროსლავ კაჩინსკი პარტია კანონი და სამართლის თავმჯდომარეა.

ხელისუფლების კრიტიკოსების შეფასებით, პოლონეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის სამართალთან დაშორება და სამართლებრივი "პოლექსიტია". ევროკავშირის ოფიციალური პირის შეფასებით, მოვლენები არ მოასწავებს იმას, რომ პოლონეთი აუცილებლად დაადგება დიდი ბრიტანეთის გზას და ევროკავშირის დატოვების პროცესს დაიწყებს, თუმცა ახლა "სამართლებრივი პოლექსიტის" პროცესი მიმდინარეობს.

ევროკომისიის შეფასებით პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლო რეფორმები "შემაშფოთებელია" და ვარშავამ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად უნდა შეასრულოს.

ესექსის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის სტივ პირსის შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ პოლონეთი ევროკავშირს ტოვებს, გაზვიადებულია. სამართლებრივად მას ევროკავშირიდან ვერ გარიცხავენ, ხოლო თავად პოლონეთის მთავრობა გაერთიანების დატოვების სურვილს არ გამოთქვამს.

კომენტარები