პოლონეთი

ზოგ საქმეში ქვეყნის კანონმდებლობა EU-საზე მაღლა დგას - პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილება

ხუთშაბათს, 7 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ქვეყნის კანონმდებლობა ევროკავშირის შეთანხმებებზე მაღლა დგას. 

სასამართლოს გადაწყვეტილება ართულებს ბოლოდროინდელ გაუარესებულ ურთიერთობას ევროკავშირსა და პოლონეთს შორის. ევროპული კომისიის თქმით, ვარშავის გადაწყვეტილება ღრმად შემაშფოთებელია.

პოლონეთის კანონისა და სამართლიანობის პარტიას, რომელიც ქვეყანას მართავს, ევროკავშირთან უთანხმოებები აქვს ღირებულებების მხრივ. განხეთქილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორებია სასამართლოს დამოუკიდებლობა, პრესის თავისუფლება და ლგბტ პირთა უფლებები.

საკონსტიტუციო სასამართლოს ევროკავშირისა და პოლონეთის კანონმდებლობის შედარება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ მოსთხოვა. 

"ჩვენ გვინდა ისეთი საზოგადოება, სადაც პატივისცემა იქნება და არა თანასწორებისა და უფრო თანასწორების ჯგუფები. ეს არის ჩვენი საზოგადოება, ჩვენი კავშირი... ეს არის ისეთი კავშირი, როგორიც გვსურს და როგორსაც ჩვენ შევქმნით", – დაწერა სოციალურ ქსელ Facebook-ზე პრემიერმინისტრმა მორავეცკიმ და სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა. ასევე, მან დაამატა, რომ პოლონეთს სურს "ევროპულ ერთა ოჯახში" დარჩეს. 

მორავეცკიმ პოლონეთის კანონებისა და ევროკავშირის სამართლებრივი შეთანხმების შედარება საკონსტიტუციო სასამართლოში 2021 წლის მარტში მოითხოვა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წელს, პოლონეთის მიერ მოსამართლეთა დანიშვნის ახალი სისტემა არღვევდა ევროკავშირის კანონებს. 

ამჟამად, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლო ძირითადად მთავრობის გავლენის ქვეშ მყოფი მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული.

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპული კომისია. კომისიის თქმით, "ევროკავშირის კანონები ეროვნულ კანონებზე ზემდგომია, მათ შორის საკონსტიტუციო დებულებებზე". 

"ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებები ყველა წევრი ქვეყნის მთავრობისთვის სავალდებულო შესასრულებელია, მათ შორის ეროვნული სასამართლოებისთვისაც", – ნათქვამია კომისიის განცხადებაში. 

ეს ევროკავშირის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც წევრი ქვეყნის ლიდერებმა კავშირის სამართლებრივი შეთანხმებები საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილეს. 

კომენტარები