მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ღარიბაშვილი: ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

"მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს". - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერილს, სადაც ევროპული საბჭოს, ევროპული კომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ

მისივე თქმით, "რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს კანონის აღსრულებას წინ ვერ აღუდგებიან". 

"რაც მომიყვნენ ბევრი ქართული გვარებიც აღმოვაჩინეთ [წერილში], როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები არ ვიცი. კანონის აღსრულებას და სიმართლეს ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ. რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, ჩვენთან უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა და ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია ხალხი რას იტყვის". - ამბობს ღარიბაშვილი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-19 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები