მიანმარი

ASEAN-ი მიანმარის ხუნტის ლიდერს სამიტზე არ მიიწვევს

მინ აუნ ჰლაინი
GETTY IMAGES

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია წევრი ქვეყნების ლიდერების ყოველწლიურ სამიტზე მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერს, გენერალ მინ აუნ ჰლაინს არ მიიწვევს. ასოციაციის გადაწყვეტილებით, სამიტს მიანმარიდან არაპოლიტიკური წარმომადგენელი დაესწრება. წარმომადგენლის ვინაობა ასოციაციას არ დაუზუსტებია.

ASEAN-ის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრთა საგანგებო შეხვედრაზე ლიდერებმა ერთხმად ვერ შეთანხმდენენ, უნდა დაესწროს თუ არა 26-28 ოქტომბრის სამიტს მინ აუნ ჰლაინი. აგვისტოში გენერალმა თავი მიანმარის პრემიერმინისტრად გამოაცხადა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა.

ასოციაციის თქმით, მიანმარის სამხედრო ლიდერები დაწყების და ქვეყანაში მდგომარეობის დეესკალაციის პირობას არ ასრულებენ. აპრილში ASEAN-მა გენერალ მინ აუნ ჰლაინს ქვეყანაში პროტესტის ძალადობრივად ჩახშობის შეწყვეტისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

სამიტის მასპინძელი ქვეყნის, ბრუნეის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიანმარში არსებულ მდგომარეობას გავლენა აქვს რეგიონალურ უსაფრთხოებას და ასევე ASEAN-ის ერთობასა და საიმედოობაზე.

ASEAN-ის მხრიდან მინ აუნ ჰლაინის სამიტზე არ მიწვევა მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. ასოციაციის ტრადიციულად თავს იკავებს წევრი სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისგან. თებერვლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მდგომარეობა მიანმარში ASEAN-ისთვის გამოწვევად იქცა.

ასოციაციის გადაწყვეტილებას მიანმარი გამოეხმაურა და იმედგაცრუება გამოხატა.

"მიანმა უკიდურესად იმედგაცრუებულია და ეწინააღმდეგება საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შედეგებს, ვინაიდან განხილვა და გადაწყვეტილება მინამარის წარმომადგენლის საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსის გარეშე იყო მიღწეული და ეწინააღმდეგება ASEAN-ის მიზნებს" – ნათქვამია მიანმარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 


მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ უშიშროების ძალები მომაკვდინებელ ძალას იყენებს. ადგილობრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის ცნობით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ უშიშროების ძალებმა 1 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

სამხედრო ხუნტის საპასუხოდ 16 აპრილს აუნ სან სუჩის მხარდამჭერებმა მიანმარის ეროვნული ერთობის მთავრობა ჩამოაყალიბეს. კაბინეტის წევრები არიან 2020 წლის არჩევნებში არჩეული კანონმდებლები, ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და გადატრიალების მოწინააღმდეგე პროტესტების ლიდერები. კაბინეტის წევრების უმეტესობა იმალება ან ქვეყნიდანაა გაქცეული.

ხუნტისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მიანმარის ეროვნული ერთობის მთავრობამ სახალხო თავდაცვის ძალები ჩამოაყალიბა. სახალხო თავდაცვის ძალები ხუნტამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს მარტში სანქციები დაუწესეს. 17 მაისს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ მიანმარის სამხედრო ხუნტას დამატებითი სანქციები დაუწესეს.

კომენტარები