მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სარჯველაძე: გლუკსმანი ცდილობს შექმნას ილუზია, თუმცა მიკერძოებული ევროპარლამენტარია

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანს მიკერძოებულს უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ის ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს მიუკერძოებელია.

"გარდა იმისა, რომ რაფაელ გლუკსმანი კონკრეტულ თანამდებობებზე მუშაობდა და ძალიან მაღალ ანაზღაურებას იღებდა იმ პერიოდის ხელისუფლებისგან, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ძალიან მაღალი თანამდებობის პირის მეუღლე იყო. შესაბამისად, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, გაუჭირდება მოქალაქეებს შეუქმნას განცდა, რომ ის მიუკერძოებელი ადამიანია და მიუკერძოებელ დასკვნებს აკეთებს. ამ ფონზე ცდილობს მოიფიქროს ისეთი არგუმენტები, რომელიც შექმნის იმის ილუზიას და სიმულაციას, რომ თითქოს მიუკერძოებელია. რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტარია, თუმცა მიკერძოებული ევროპარლამენტარი". – თქვა სარჯველაძემ იმედის ეთერში.

15 ოქტომბერს ევროპარლამენტარი, სოციალ-დემოკრატების ფრაქციის წევრი, რაფაელ გლუკსმანი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. გლუკსმანი წერს, რომ ევროკავშირი უნდა დადგეს მათ გვერდით, ვინც სააკაშვილის დაკავებას აპროტესტებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-16 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები