ბათუმი

ბათუმის მერია დაანგრევს კორპუსს, რომლის სადარბაზოც 8 ოქტომბერს ჩამოიშალა

ბათუმის მერია დაანგრევს 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსს, რომლის სადარბაზოც 8 ოქტომბერს ჩამოიშალა. ამის შესახებ ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ედნარ ნატარიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა. 

მისი ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, შენობა დემონტაჟს ექვემდებარება. 

"დღეის მდგომარეობით ეს შეადგენს დაახლოებით 500 000 ლარს და დამატებით 45 000 ლარი გამოიყოფა საპროექტო სამუშაოებისთვის. ანუ იმისთის, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კორპუსის დემონტაჟი. აღნიშნული თანხები აისახება ბიუჯეტში და ფაქტიურად დღეიდანვე შესაძლებელი იქნება სამუშაოების დაწყება".- ამბობს ნატარიძე

მისივე ინფორმაციით, მერიამ აჭარის მთავრობას დაზარალებული ოჯახებისთვის 61 ბინა გადასცა. 

კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ 53 ოჯახს მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს, რისთვისაც აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი გამოიყო. დაზარალებულები ოჯახები უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციითაც ისარგებლებენ.

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცი კი - გადარჩა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. მათ პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

 

კომენტარები