ბათუმი

ნიდერლანდების საელჩო: ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

შსს

ნიდერლანდების საელჩო მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო. 

"ნიდერლანდების საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამოშლით გამოწვეული ტრაგიკული შედეგების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ასევე, პატივისცემას გამოვხატავთ მაშველების მიმართ, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს ადამიანების გადასარჩენად. დღეს ნიდერლანდების საელჩოსთან დროშა დაშვებული იქნება". – წერია საელჩოს განცხადებაში

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 9 ადამიანია გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, მშენებლები ვარაუდობენ, რომ კორპუსის ნაწილი, შესაძლოა, კიდევ ჩამოიშალოს

მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.  გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

კომენტარები