ბათუმი

ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან მოხუცი ქალის ცხედარი ამოასვენეს

შსს

მაშველებმა ბათუმში ნანგრევებში მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

უწყების ინფორმაციით, მოხუცი ქალის ცხედარი უკვე გადასვენებულია. 

მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს - კაცი და ქალი.  ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი - კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში გულის გაჩერებით, სისხლდენითა და კიდურების დაზიანებით შეიყვანეს. როგორც მისი ქმარი ამბობს, ნანგრევებში მათი მცირეწლოვანი შვილები რჩებიან.  

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში 10-მდე ადამიანია, თუმცა, მინისტრის ცნობით, რაოდენობას ვერ აზუსტებენ.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გომელაურის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს

კომენტარები