მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ზალკალიანი სააკაშვილზე: არ არის გამორიცხული, უკრაინის საზღვარიც უკანონოდ გადაეკვეთა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირების საკითხს გამოეხმაურა. ზალკალიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მას აქვს ბრალი წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით იმ დანაშაულებზე, რომლებიც მან საქართველოს პრეზიდენტობის დროს ჩაიდინა.

"უკრაინის ხელისუფლების მოვალეობა არის, იზრუნოს საკუთარი ქვეყის მოქალაქზე, მაგრამ განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სანამ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახდებოდა ის იყო საქართველოს მოქალაქე და პრეზიდენტი, მას ის დანაშაულები, რის გამოც ბრალი აქვს წარდგენილი აქვს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, ეს ყველასთვის იყო ცნობილი, რომ, თუ ის გადმოკვეთდა საქართველოს საზღვარს, საქართველოს კანონმდებლობა მყისიერად ამოქმედდებოდა". – თქვა ზალკალიანმა

ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, უკრაინის პრეზიდენტმაც მედიით შეიტყო სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ და არ გამორიცხავს, ექსპრეზიდენტს უკრაინის კანონიც ჰქონდეს დარღვეული.

"ალბათ ყურადღებას მიაქცევდით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო და საერთოდ მანაც, მგონი მედიით შეიტყო მისი უკრაინის დატოვების ფაქტი. მე მაქვს ჩემი ვარაუდი, რომ არ არის გამორიცხული, მას უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი". – ამბობს ზალკალიანი


2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო. 

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.ზელენსკის თქმით, უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ.

"​მე როგორც უკრაინის პრეზიდენტი, და თქვენ ეს მშვენივრად იცის, სულ იმას ვაკეთებ, რომ უკრაინის მოქალაქეებს ვაბრუნებ. სხვადასხვა საშუალებებით, რომლებიც მაქვს, რომლებიც ხელისუფლებამ მომცა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუტი, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩო საქართველოში, საქართველოს ელჩის დონეზე და მინისტრთა კაბინეტებს შორის საუბრის დონეზე - ყველანი ვიმუშავებთ ამაზე" - თქვა ზელენსკიმ ბრიფინგზე.

მანამდე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა ზელენსკის პრესმდივნი, სერგეი ნიკიფოროვი.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ამ ახალი ამბით და იმ განცხადებების ტონით, რომელიც საქართველოში სიტუაციის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით კეთდება.

უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს,  გარკვევით განმარტოს ყველა გარემოება და მიზეზი უკრაინის მოქალაქის მიმართ ამ ნაბიჯის გადადგმისა. უკრაინის საელჩოს საქართველოში ჯერაც არ მიუღია დაპატიმრებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი კონსულები უკვე მუშაობენ, რათა მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინონ" - თქვა სერგეი ნიკიფოროვი

 

კომენტარები