არჩევნები 2021

ბოკერია: რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა II ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მოუწოდებს მოქალაქეებს, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმა ოპოზიციის კანდიდატებს მისცენ.

"არ არის დასამალი, რომ სასურველი იყო არსებითად უფრო მაღალი აქტივობა იმ შედეგისთვის, რაც ქვეყანას სჭირდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ სივრცეში ანუ ურბანულ სივრცეში სადაც ადამიანები ნაკლებად არიან დამოკიდებულები და ისეთ რთულ მდგომარეობაში არ არიან, როგორც სოფლად მთავრობის რეპრესიების წინაშე, იქ ეს განაჩენი და რეფერენდუმი შედგა და ეს არის ის, რასაც უნდა დავეყრდნოთ ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვის საშიში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეში და ამ საქმეში პირველი ნაბიჯი გადასადგმელია – მეორე ტურებში მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატების და მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, იმისდა მიუხედავად, როგორ უყურებს ამა თუ იმ პარტიასა და კანდიდატს, მეორე ტურში ჩვენ ხმას ვაძლევთ ივანიშვილის რეჟიმისგან მომავალ საფრთხეების შემცირებას". – თქვა გიგა ბოკერიამ.

ლელოს სიის პირველი ნომრის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია მხარს დაუჭერს ყველა იმ ოპოზიციური მერობის კანდიდატს, რომლებიც მეორე ტურებში გადავიდნენ. ამასთან ერთად, ჯაფარიძემ ეს არჩევნები ძალადობრივად შეაფასა.

გუშინ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, ხმების 33.98% მიიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ – 44.97%.

ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დათვლილი აქვს ხმების 99.97%, რის  მიხედვითაც პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

  • ქართული ოცნება – 46.68%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 30.7%
  • საქართველისთვის – 7.8%
  • ლელო –  2.71%
  • ევროპული საქართველო – 1.66%
  • გირჩი-მეტი თავისუფლება – 1.44%

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ხმების 100% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას 40.3% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 27.97%, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის კი – 8.85%. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021.

კომენტარები