არჩევნები 2021

ვინ შეიძლება, დაუჭიროს მხარი ნიკა მელიას თბილისის მერად

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, თბილისში მეორე ტური გაიმართება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და ოთხი ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ნიკა მელიას 33.98% აქვს, თბილისის მოქმედ მერსა და ქართული ოცნების გენერალურ მდივანს კი – 44.97%. 

ტაბულამ წინასაარჩევნოდ ჩატარებული ინტერვიუების ციკლის ფარგლებში ლელოს, მესამე ძალისა და ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატებს ჰკითხა, დაუჭერდნენ თუ არა მხარს მეორე ტურში გასულ კანდიდატს.

"კი, რა თქმა უნდა, თუ მე არ ვიქნები მეორე ტურში, ნამდვილად დავუჭერ მხარს ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს" – ასე მოკლედ და კატეგორიულად გვიპასუხა ამ კითხვაზე თამარ კეკენაძემ, მესამე ძალის თბილისის მერობის კანდიდატმა. 

რაც შეეხება ლელოს კანდიდატ ანა ბიბილაშვილს, კითხვის პასუხად მან თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მეორე ტურში, მხარს დაუჭერს დასავლური ღირებულებების მქონე ოპოზიციურ კანდიდატს.

"გამომდინარე იმ შინაარსიდან, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს, ჩვენ გვაქვს გამარჯვების სურვილი, ვიბრძვით გამარჯვებისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში არ ვიქნები, გულწრფელად შემიძლია, გითხრათ, რომ მხარს დავუჭერთ დასავლური ღირებულებების მქონე ოპოზიციურ ძალას". – თქვა ანა ბიბილაშვილმა. 

ამასთან, ლელოს ლიდერმა და თბილისის საკრებულოს სიის პირველმა ნომერმა 3 ოქტომბერს თქვა, რომ პარტია მხარს დაუჭერს მეორე ტურში გასულ ყველა ოპოზიციურ პარტიას. 

ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატმა, მიშა ქუმსიშვილმა კი ამ კითხვაზე გადაჭრით არ გვიპასუხა და თქვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება პარტიას არ აქვს მიღებული და არჩევნებამდე ამაზე საუბარი ნაადრევად მიიჩნია.  

"ამაზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, იმიტომ, რომ ჯერ წინაა არჩევნები და ჯერ უნდა დადგეს თავად ის შედეგი და ფაქტი, რის შემდეგაც ჩვენ ჩვენი პოზიციები უნდა შევაჯეროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ცალსახად არცერთ შემთხვევაში, თუ სახელისუფლებო გუნდიდან გავა კანდიდატი, მას მხარს არ დავუჭერთ, ეს გამორიცხულია, თუმცა, პირადად რომელიმე სხვა კანდიდატს გამოვუცხადებთ თუ არა მხარდაჭერას, ამაზე საუბარი ნაადრევია". – თქვა მიშა ქუმსიშვილმა. 

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მაგალითად, ევროპულ საქართველოს, გირჩი – მეტი თავისუფლებასა და დროას, ისინი ისედაც უჭერდნენ მხარს ნიკა მელიას კანდიდატურას. 

ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია კი ოპონენტის მხარდაჭერას არ აპირებს. ამის შესახებ მისი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ პარტია არ აპირებს არცერთი კანდიდატის მხარდაჭერას. 

კომენტარები