არჩევნები 2021

ჯაფარიძე: მხარს დავუჭერთ ოპოზიციურ კანდიდატებს ყველა იმ ოლქში, სადაც გადავიდნენ მე-2 ტურში

ლელოს სიის პირველი ნომრის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია მხარს დაუჭერს ყველა იმ ოპოზიციური მერობის კანდიდატს, რომლებიც მეორე ტურებში გადავიდნენ. ამასთან ერთად, ჯაფარიძემ ეს არჩევნები ძალადობრივად შეაფასა.

"ჩვენ კიდევ ერთი ძალადობრივი არჩევნების მომსწრენი გავხდით, სამწუხაროდ ამ არჩევნებს ვერ ვუწოდებთ თავისუფალსა და დემოკრატიულს, ის იყო სავსე ძალადობრივი აქტებით, მოსყიდვის, დაშინების ფაქტებით, მაგრამ სამწუხაროდ ქართული ოცნების პირობებში ეს უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა, მაგრამ უნდა დავასრულოთ ასეთი ტიპის არჩევნები ჩვენს ქვეყანაში, სხვა შემთხვევაში დემოკრატიული განვითარება წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ ვართ ამ რეალობაში და მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, შეფერხებისა, ხელოვნური ბარიერისა, ლელომ მაინც შეძლო მიეღწია მნიშვნელოვანი შედეგისთვის, რამდენადაც 25 მუნიციპალიტეტში ლელოს ეყოლება წარმომადგენლები საკრებულოებში, ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა პარტიისთვის, რომელიც 2 წლისაც არ გამხდარა", - თქვა მან.

ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, ლელოს თბილისისა და ბათუმის საკრებულოებში 2-2 წარმომადგენელი ეყოლება.

"დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ყოვლად დასაგმობი სიყალბე, რაც ჩაიდინეს [ბათუმის] ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში, ამ ოლქის შედეგი გაუქმდება და ლელოს წარმომადგენელი მეორე ტურში გადავა, როგორც მაჟორიტარული კანდიდატი და იმედი გვაქვს, რომ სახეზე იყო იმის გამო, რომ 1 ოქტომბერს განვითარდა ასეთი მოვლენები სააკაშვილთან დაკავშირებით, ამან რადიკალიზაცია მოახდინა პოლიტიკური ველის პოლარიზაცია, ამან შეცვალა საარჩევნო დღის შედეგები და გარემო და იქონია გაველნა საბოლოო შედეგებზეც. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ოპოზიციურ კანდიდატებს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები გადავიდნენ მეორე ტურებში, იგულისხმება მერობის კანდიდატები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის რომ გაიმარჯვონ ოპოზიციურმა კანდიდატებმა ამ ქალაქებში", - თქვა ჯაფარიძემ.

გუშინ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, ხმების 33.98% მიიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ - 44.97%.

ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დათვლილი აქვს ხმების 99.97%, რის  მიხედვითაც პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

  • ქართული ოცნება - 46.68%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30.7%
  • გახარია- საქართველისთვის - 7.8%
  • ლელო -  2.71%
  • ევროპული საქართველო - 1.66%
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 1.44%

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ხმების 100% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას 40.3% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 27.97%, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის კი – 8.85%. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021.

კომენტარები