არჩევნები 2021

სააკაშვილი: თბილისი! ახლა დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ!

"თბილისი! ახლა დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ!" - უბნების დახურვისა და მედიების მიერ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე მოწოდება ვრცელდება. 

20:00 საათზე ხმის მიცემა შეწყდა და საარჩევნო უბნები დაიხურა. პარალელურად, სამმა ტელევიზიამ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა - Ipsos-ისა (მთავარი) და Edison Research-ის (ფორმულა) ეგზიტპოლებით, თბილისში მეორე ტური ინიშნება, გორბის (იმედი) ეგზიტპოლით კი კახა კალაძემ პირველივე ტურში მოიგო.  

Edison Research-ს (ფორმულას) 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, კახა კალაძეს 43% აქვს, ნიკა მელიას კი – 39%.  IPSOS-ის (მთავარი არხის) 17:00-საათიანი მიხედვით, პირველ ადგილს ნიკა მელია იკავებს 40.8%-ით, კახა კალაძეს კი 40.2% აქვს. რაც შეეხება GORBI-ის (იმედის) 18:00-საათიან ეგზიტპოლებს, კახა კალაძეს 51.3% აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ნიკა მელიას კი  – 34.6%. 

ფორმულასა და Edison Research-ის ეგზიტპოლების 18:00 საათის მონაცემებით: ქართული ოცნება – 46%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 33%, საქართველოსთვის – 6%, ევროპული საქართველო – 2%, გირჩი - მეტი თავისუფლება – 2%, ლელო – 2%.  

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით IPSOS-ის მიერ თბილისში ჩატარებული (17:00) ეგზიტპოლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ  38.5% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 33%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის - 7.6%.

კვლევითი კომპანია GORBI-ს ეგზიტპოლების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 47.6% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 27.1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის - 6.8%. ეს 18:00-ის მონაცემებია. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები