არჩევნები 2021

კალაძე: სააკაშვილს დიდ მადლობას ვუხდი, გააფარჩაკა თავისი პარტია და კანდიდატი

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, მას მადლობას უხდის და ამბობს, რომ "საკუთარი კანდიდატის ასეთ მდგომარეოობაში ჩაგდებას ვერავინ შეძლებდა".

"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს, ასე ვერავინ ვერ შეძლებდა საკუთარი პარტიის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას, საკუთარი კანდიდატის, როგორც ბატონმა სააკაშვილმა და ამისათვის მას ძალიან დიდი მადლობა. დანარჩენი ხვალ - დაველოდოთ არჩევნებს და ყველაფერი იქნება ცხადი. 

ვერავინ ვერ გააფუჭებდა თავის პარტიას და თავის კანდიდატს, როგორც მიხეილ სააკაშვილმა [...] ამ გადადგმული ნაბიჯით გააფარჩაკა თავისი ბარტი და, სამწუხაროდ, მისი კანდიდატიც". - ამბობს კალაძე.

სააკაშვილმა 1 ოქტომბერს Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა და ამბობს, რომ ბათუმშია.

მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს 3 ოქტომბერს თბილისში შეკრებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ის ერთ-ერთ კოლონაში იქნება.   

ქართული ოცნების წევრები სააკაშვილის მიერ გვარცელებულ ინფორმაციას ირონიით შეხვდნენ და ამბობენ, რომ "თუ ტყე-ტყე იარა, ესეც კომიკურია, შეუძლია თქვას, იმავე გზებით წავედი უკანო". ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით კი "სააკაშვილს ბავშვობაში დახუჭობანას არ ეთამაშებოდნენ და ახლა გადაწყვიტა".  

"მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან". - ასე დაიწყო ბრიფინგი შალვა პაპუაშვილმა.

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. უწყების ინფორმაციით, კომუნიკაცია ჰქონდათ უკრაინულ მხარესთან და ისინი ადასტურებენ, რომ საქართველოს სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია. განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას. მისი ბრიფინგი 21:00 საათზეა ჩანიშნული. მას ჟურნალისტები არ დაესწრებიან - პარტია ვიდეოს თავად გაავცელებს. 

განცხადება არ გაუკეთებია არც ოფიციალურ კიევს, თუმცა, უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ოფისის წამყვან მენეჯერებს დაემშვიდობა. ბარაბაშმა TV პალიტრას უთხრა, რომ სააკაშვილმა თანამშრომლებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება გააცნო.

კომენტარები