არჩევნები 2021

მდინარაძე: ენმ-მ გასცა დავალება, ღია ტელეფონით ისაუბრონ, რომ სააკაშვილი საქართველოშია

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მხარდამჭერებს დაავალეს, ღია ტელეფონით ისაუბრონ და თქვან, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. 

"ასევე ჩაიშალა დავალება, რომ ყველამ ისაუბროს ღია ტელეფონით, ეს მოსმენების ამბავი ალბათ ძალიან დაიჯერეს და განაცხადონ, მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში. ასევე, პარტიის ლიდერების დავალებით, ყველა მაქსიმალურად უნდა დაუკავშირდეს მათ სანაცნობოს, რომლებიც არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები და დაშინების გარეშე განუცხადონ, რომ ქართული ოცნების მმართველობა არის დასრულებული და იმ შემთხვევაში, თუ მხარს დაუჭერენ ენმ-ს, აღნიშნული აუცილებლად დაუფასდებათ". - ამბობს მდინარაძე. 

მამუკა მდინარაძე ასევე ამტკიცებს, რომ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მხარდამჭერებს დაავალა, გაავრცელონ გზავნილი, რომ ქართულ ოცნებას არჩევნები წაგებული აქვს, რათა "ფსიქოლოგიურად მოსპონ". 

"პარტიის ე.წ. თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჩაშალა თავის ჩათში - "სალამი, მოკლედ, რას ვაკეთებ ახლა, ყველას, ვისზეც ხელი მიმიწვდება, ან ვწერ პირადად, ან შუამავლით, დღის ბოლომდე ეს უნდა ვაკეთო, ქუჩა, შინაური, ქოცი და ა.შ. გზავნილი მარტივია - გენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ ოცნებას წაგებული აქვს და ჩაეხსენით. ისეთ რამეს ნუ გაგაკეთებინებს ბიძინა, კალაძე, რომ მერე ვერ შეძლო დახმარება. ეს უნდა ვქნათ ყველამ, ყველა დონეზე, ქოცების უბნის უფროსებს, კომისიის წევრებს, ვისზეც გვაქვს ხოდი, უნდა შევეხმიანოთ. ყველას უთხარით, ასე აკეთონ ჩვენებმა - ქვედა დონეზე ნახონ ან დაურეკონ ქოც ქვედა დონის ხალხს, ჩვენ ჩვენს დონეზე. ახლა ფსიქოლოგიურად უნდა მოვსპოთ". - ამბობს მდინარაძე.   

მდინარაძე ამბობს, რომ ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აქვთ და "ჩვენ არავის ვუსმენთ, დარწმუნებული ვარ, არც სუს-ს აქვს მოსმენილი". 

სააკაშვილმა 1 ოქტომბერს Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა და ამბობს, რომ ბათუმშია.

მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს 3 ოქტომბერს თბილისში შეკრებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ის ერთ-ერთ კოლონაში იქნება. 

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. უწყების ინფორმაციით, კომუნიკაცია ჰქონდათ უკრაინულ მხარესთან და ისინი ადასტურებენ, რომ საქართველოს სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია. განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას. მისი ბრიფინგი 21:00 საათზეა ჩანიშნული

განცხადება არ გაუკეთებია არც ოფიციალურ კიევს, თუმცა, უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ოფისის წამყვან მენეჯერებს დაემშვიდობა. ბარაბაშმა TV პალიტრას უთხრა, რომ სააკაშვილმა თანამშრომლებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება გააცნო.

კომენტარები