რუსული ოკუპაცია

აშშ: ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინაში

ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისი რუსეთის მიერ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების მოწყობას გამოეხმაურა.

"შეერთებული შტატები სინანულს გამოხატავს რუსეთის რეპრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირს უთხრის დუმის არჩევნების თავისუფლებას, სამართლიანობასა და სანდოობას, ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე მათი ნებართვის გარეშე" - წერს პრაისი Twitter-ზე.

16-19 სექტემბერს რუსეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთმა 20 უკანონო საარჩევნო უბანი გახსნა და 19 სექტემბერს არჩევნები ჩაატარა. რუსეთმა მსგავსი ნაბიჯები გადადგა უკრაინის და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

რუსეთის საპარალმენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერმა, მმართველმა პარტიამ ერთიანმა რუსეთმა გაიმარჯვა. ოპოზიცია ფართომასშტაბიან დარღვევებზე საუბრობს. 

დარღვევებზე საუბრობს აშშ-ს მისია ეუთოშიც. აღსანიშნავია, რომ 1993 წლის შემდეგ 2021 წლის დუმის არჩევნები იყო პირველი, რომელსაც ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ დაესწრო.

"შეწუხებულები ვართ სამდღიანი კენჭისყრის დროს საარჩევნო დარღვევების ცნობებით, მათ შორის საარჩევნო ურნების ყალბი ბულეტენებით გავსება და ხმის მიცემის იძულება. მტრულმა საარჩევნო გარემომ შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და ხელი შეუშალა ადამიანებს გამოეყენებინათ მათი სამოქალქო და პოლიტიკური უფლებები" - წერს აშშ-ს მისია ეუთოში Twitter-ზე.

კომენტარები