ფარული მოსმენები

უმისამართო სროლა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში – სუს-ის ფაილები

მარცხნივ - ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი; მარჯვნივ - პისტოლეტი Beretta 92SF

საქართველოს საპატრიარქოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში საუბარია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში 2020 წლის ზაფხულში გახშირებული შემთხვევების შესახებ. 

ფაილების მიხედვით, სროლებში ჩართული იყვნენ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპოსკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი, მისი ნდობით აღჭურვილი მონაზონი, ემილია ჩოფლიანი და მათი მრევლი. 

ფაილების მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში ეპისკოპოსმა ჯამდელიანმა დაარეგისტრირა Beretta 92SF-ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ამავე დღეს შეიძინა. სუს-ის ვარაუდით, ჯამდელიანი არღვევდა იარაღის ტარების წესს. ასევე, ფაილებში ხაზი ესმევა იმ ფაქტს, რომ 2019 წელს ეპისკოპოსის ნდობით აღჭურვილმა მონაზონმა, ემილია ჩოფლიანმა ასევე შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ Glock 19-ის ტიპის პისტოლეტი. 

სუს-მა ვერ შეძლო გაერკვიათ, ნახსენები იარაღები სასულიერო პირებმა საჩუქრად მიიღეს, თუ თავისი ხარჯებით იყიდეს, რადგან მაღაზიებში ინახება მხოლოდ იმ პირების პირადი მონაცემები, ვისზეც გაფორმებულია იარაღი და შეძენის ყუა (იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იარაღის შეძენის ფაქტს).

სუს-ის ფაილების მიხედვით, ეპარქიის სასულიერო პირები შეწუხებულები იყვნენ იმით, რომ 2020 წლის ზაფხულში გახშირებული იყო შემთხვევები, როდესაც ჯამდელიანი და ჩოფლიან, საკუთარ მრევლთან ერთად, ნასვამ მდგომარეობაში ღამით უმისამართოდ ისროდნენ. 

სუს-ის ფაილებში წერია:

[24.07.20]: მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირმა [...], ამავე ეპარქიის [სასულიერო პირთან] საუბრისას განაცხადა, რომ მ/წლის 24 ივლისს, გამთენიისას 03:30 საათზე, ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი თავის ნდობით აღჭურვილ მონაზონ ემილია ჩოფლიანთან და თავისი მრევლის წევრებთან ერთად ნასვამ მდგომარეობაში მივიდნენ რეზიდენციაში.

[სასულიერო პირი 1] – 03:30 საათზე მოვიდნენ რეზიდენციაში, გამათენებინეს, მერე ატეხეს ერთი ამბავი, ხმა თუ გაიგე?

[სასულიერო პირი 2] – კი, სროლა იყო, თავი უკვე მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მგონია;

[სასულიერო პირი 1] – სუფთა ბაცნები არიან, რათ უნდა იმის ჭახა-ჭუხი, ჯერ თვითონ ისროლა და მერე [...]-ის მისცა.

საუბრისას [სასულიერო პირებმა] უარყოფითად შეაფასეს უკანასკნელ პერიოდში გ.ჯამდელიანის ქცევები.

 

[05.08.20]: მოპოვებული ინფორმაციით, მ.წ 4 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე, მარნეულის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი თავისი კუთვნილი ა/მანქანით Toyota Landcruiser Lc 200 სახ. ნომრით [...] მივიდა პ.ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე მომსახურეობის სააგენტოში, სადაც დაირეგისტრირა Beretta-92sf (9x19) ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. გატარებული მუშაობის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მომსახურეობის სააგენტოში რეგისტრაციისთვის საჭირო ქვითრების თანხა გადაიხადა თავად გ.ჯამდელიანმა, სადაც ასევე დაფიქსირდა, რომ იარაღი მ/წლის 4 აგვისტოს შეძენილია თბილისში, წერეთლის გამზირის N77-ში მდებარე იარაღების მაღაზია „მუზარადში“.

ნიშანდობლივია, რომ 2019 წელს ცეცხლსასროლი იარაღი - Glock-19 (9x19) ასევე შეიძინა ეპისკოპოსის ნდობით აღჭურვილმა მონაზონმა ემილია ჩოფლიანმაც. ირკვევა, რომ ხსენებული იარაღი 2019 წლის 7 სექტემბერს, შეძენილია მაღაზია „კალიბრი“-ში.

ქ.თბილისის მთ. სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის პოზიციების მიუხედავად ვერ დგინდება ზემოაღნიშნულმა პირებმა იარაღები შეიძინეს საკუთარი ფინანსებით თუ მიიღეს ჩუქებით სხვა პირისგან, რადგან ხსენებულ მაღაზიებში ინახება მხოლოდ იმ პირთა პირადი მონაცემები, რომელთა სახელზეც ხდება ე.წ. „ყუა“-ს გამოწერა და ფორმდება ნივთი (თანხის გადამხდელადაც ფიქსირდება იგივე პირი).

ნიშანდობლივია, რომ გ.ჯამდელიანმა იარაღის შენახვის ადგილად მიუთითა თბილისი [მისამართი], თუმცა ხანგრძლივი დროის მანძილზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილი მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ზემოაღნიშნულ იარაღს გ.ჯამდელიანი გამოიყენებს ტარებით.

შენიშვნა: ცნობილია, რომ მარნეულის საეპისკოპოსო რეზიდენციაში მოღვაწე სასულიერო პირები გამოთქვამენ უკმაყოფილებას, გ.ჯამდელანის და ე.ჩოფლიანის მიმართ, მათ მხრიდან უკანასკნელ პერიოდში სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელების გამო. კერძოდ, საუბრობენ მათ მიერ ალკოჰოლის ჭარბად გამოყენების და საეპისკოპოსო ეპარქიაში იარაღის უმისამართოდ სროლის ფაქტებზე.


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები