ფარული მოსმენები

"ღარიბაშვილს შეხვედრაზე ვუთხარი: მიუღებელია, რომ გვისმენთ" – ესტონეთის პრემიერმინისტრი

STENBOCKI MAJA

ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრისას მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიპლომატების მოსმენის ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეგობრულ ქვეყნებს შორის ასეთი რამ მიუღებელია. 

ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური სააგენტო Delfy კიდევ ერთ ადგილობრივ მედიაზე, Eesti Päevaleht-ზე დაყრდნობით ავრცელებს

შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ესტონელ კოლეგას შორის 15 დეკემბერს ბრიუსელში შედგა. შეხვედრის შემდეგ Eesti Päevaleht-ისთვის მიცემულ კომენტარში კაია კალასმა თქვა, რომ პრემიერმინისტრთან საუბრისას საქართველოში შეჩერებული რეფორმები და ის ცნობები განიხილეს, რომლის შესახებაც თბილისში აკრედიტირებულ, მათ შორის ესტონელ დიპლომატებს სუსი უსმენს. 

"მე მას ვუთხარი, რომ გვსურს მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ ეს მათ ეს საქმე უნდა გაგვიიოლონ. ჩაატარონ სასამართლო რეფორმა, შეეცადონ, გადალახონ საზოგადოებრივი განხეთქილება.

[...] მე ვუთხარი, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, რომ თქვენ გვისმენთ. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, არაფერს ცუდს თქვენს ზურგსუკან არ ვამბობთ. ასე არ გამოვა. [...] ვკითხე, რამდენად შორსაა წასული გამოძიება ამ საკითხის შესახებ, რადგან აქამდე ამბობდნენ, რომ ის მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერმინისტრის ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიდის, თუმცა, მას კონკრეტული პასუხი არ ჰქონია". – უთხრა ესტონეთის პრეზიდენტმა მედიას. 

საქმე ეხება სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, მედიის, სამოქალაქო სექტორისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების პარალელურად, უწყება თბილისში აკრედიტირებულ დიპლომატებსაც უსმენს

 მასალებით, სუს-ი უსმენდა კელი დეგნანს, კარლ ჰარცელსა და რან გიდორს. ფორმულას ინფორმაციით, უწყება კარლ ჰარცელს არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ საკუთარ თანაშემწესთან საუბრის დროსაც უსმენდა. 

თბილისის მერი, კახა კალაძე გავრცელებული მასალებზე ამბობს, რომ თუ საჭიროა უწყებამ უნდა მოუსმინოს ვინც სჭირდება და მოსასმენია, მათ შორის დიპლომატებსაც. 


13 სექტემბერს გავრცელდა, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს. 

ამავე თემას ეხებოდა 19 სექტემბერს გასული გადაცემა მთავარი აქცენტები. მთავარი არხის მტკიცებით, მათ ინტერვიუ ჩაწერეს სუს-ის მოქმედ თანამშრომელთან. პირი, რომელიც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ უწყებაში სასულიერო პირების გარდა, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენდნენ.

კომენტარები