ფარული მოსმენები

დეგნანი ჟურნალისტების ფარულ ჩანაწერზე: ეს ფაქტი შეშფოთების საგანია

აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის (უცნობი) გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც მთავარი არხის თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბარია ასახული, კომენტარი გააკეთა. დეგნანის თქმით, ეს ფაქტი აშშ-სთვის შეშფოთების საგანია.

"ეს ფაქტი არის ჩვენი შეშფოთების კიდევ ერთი შეხსენება მოსმენებთან დაკავშირებით არა მხოლოდ ჟურნალისტებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად. სწორედ ამიტომ ვურჩევდით საქართველოს პარლამენტს, რომ შეეყოვნებინა მოსმენებთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობის მიღება, რადგან ის არ შეესაბამებოდა იმ საუკეთესო პრაქტიკას, რაც ევროპასა და მსოფლიოშია მიღებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ ასევე მოვუწოდებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოეძიებინა ფაქტები, როდესაც პრესაში გავრცელდა საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და სხვადასხვა პირის ფარული ჩანაწერები. ჩვენ მთავრობას მოვუწოდებდით ამ გამოძიების მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის შეშფოთების საგანია. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას არაკანონიერად უსმენენ". - ამბობს დეგნანი.

აშშ-ს ელჩმა კომენტარი მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზეც გააკეთა.

"ზოგადად მედიათავისუფლებასაც შევეხები. მოგეხსენებათ, აშშ-ს პოლიტიკისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კვირაში მე ჟურნალისტებთან შეხვედრა მქონდა, რომლებიც ჟურნალისტური ქარტიის წარმომადგენლები არიან და ჩვენ კარგი დისკუსია გავმართეთ. ამავდროულად, ისინი საუბრობდნენ თავის იმ პრობლემებზე, რაც სამწუხაროა. ეს შეეხებოდა მათზე ზეწოლასა და თავდასხმებს. გარკვეულწილად ამ მიმართულებას ვხედავთ ჟურნალისტებთან ურთიერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ მათი პროფესიული საქმიანობა დაშინებისა და შიშის გარეშე და მათ შეძლონ საზოგადოების ინფორმირება თავისი საქმიანობით. ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ყველასთვის პრიორიტეტი უნდა იყოს". - განაცხადა დეგნანმა.

13 ივლისს ტელეწამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ გაავრცელა "სკანდალური ჩანაწერი", რომელიც ასახავს მთავარი არხის გადაცემა პოსტ ფაქტუმის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ერთერთი სიუჟეტის შესახებ. ჩანაწერის ფიგურანტი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მათი საუბარი უკანონოდ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა.

კომენტარები