ვაქცინაცია საქართველოში

იმნაძე ჟურნალისტს: მალაპარაკე ვაქცინაციაზე და არა ბანერებზე, ბანერი არ აინტერესებს ხალხს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ვაქცინაციის ბანერების ჩანაცვლებაზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და TV ფორმულას ჟურნალისტს უთხრა, რომ საქმეზე არ ალაპარაკებს.

"იმის მაგივრად, რომ ვაქცინაციაზე ვილაპარაკო, ვლაპარაკობ იმაზე, რაც უკვე დავგმეთ... დრო იკარგება, ახლა უნდა ვილაპარაკოთ ბანერებზე იმის მაგივრად, რომ საქმეზე ვილაპარაკოთ, თქვენ ხომ იმისთვის მჭირდებით, რომ ხმა მივაწვდინოთ საზოგადოებას? იმის მაგივრად რომ მე მალაპარაკოთ ვაქცინაციაზე, მალაპარაკებთ ბანერებზე... მე მთელი საქართველო მოვლილი მაქვს, მე ველაპარაკები ადამიანებს, ვხვდები ყოველდღიურად უამრავ ადამიანს, ბანერი კი არ აინტერესებთ, იმათ აინტერესებთ, ხომ არ გამოიწვევს ვაქცინაცია შემდგომ რაღაც პრობლემებს, უშვილობის, მაგალითად, ეს აინტერესებთ და ამაზე უნდა გავცეთ პასუხი, რომ ტყუილია. იმიტომ, რომ კოვიდმა შეიძლება დააზიანოს სქესობრივი ფუნქციები, მაგრამ 6 მილიარდი აცრაა ჩატარებული და არავითარი გართულება სქესობრივი ფუნქციის ვაქცინისგან არ არის... ბანერები დავგმეთ, ხო? ახლა ვილაპარაკოთ ვაქცინაციაზე... მალაპარაკე ვაქცინაციაზე და არა ბანერებზე" - მიმართა იმნაძემ გადაცემის წამყვანს.


17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!" ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირების ფონზე, ხელისუფლებამ სიძულვილის გამაღვივებელი, პოლიტიკური შინაარსის ბანერები აცრისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა.

18 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და დაგმო ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება.  20 სექტემბერს კი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კომპანია ალმას ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაბრუნების მოთხოვნით ოფიციალური წერილობით მიმართა.

21 სექტემბერს კომპანია ალმამ NCDC-ის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს უპასუხა. მათი მტკიცებით, ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები უსასყიდლოდ აქვთ განთავსებული. კომპანიის განცხადებით, მათ მხოლოდ სამი ბანერი ჩაანაცვლეს და სანაცვლოდ, სხვა ადგილი გამოყვეს. ალმას განცხადებითვე, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სარეკლამო კონსტრუქციების დაქირავების საფასურს და ეხებოდა მხოლოდ ბანერების (სარეკლამო ვიზუალის) დაბეჭდვას და სამონტაჟო სამუშაოებს. იმავე საღამოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც,  ბანერების განთავსების სამთვიანი ვადა ხელშეკრულებაში მოხსენიებული არ ყოფილა.

კომენტარები