ფარული მოსმენები

მოსაყდრესთან "რაღაცის გადასაცემად" შეხვედრამდე ვასაძემ TBC-დან $125 000 გამოიტანა – ფაილები

ლევან ვასაძე და კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე, შიო მუჯირი

საქართველოს საპატრიარქოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ფაილების მიხედვით, 2019 წლის ოქტომბერში პუტინისტმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირთან შეხვედრამდე TBC ბანკიდან 125 000 დოლარი და 15 000 ლარი გამოიტანა. აქამდე, სატელეფონო საუბარში, ვასაძემ მოსაყდრე შიოს უთხრა, რომ მისთვის რაღაცის გადაცემა სურდა.

"ამ მომენტისთვის, ბიზნესმენი ლევან ვასაძე საპატრიარქოში შეხვედრას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირთან. აღსანიშნავია, რომ შეხვედრამდე ლ. ვასაძე დაუკავშირდა შ. მუჯირს და განუცხადა რომ სურს გადასცეს „რაღაც". საუბრის მომენტში ბიზნესმენი იმყოფებოდა „თიბისი" ბანკში (დასტურდება ანძების მიხედვითაც) და პარალელურად მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება ხსენებული ბანკიდან 15 000 ლარის და 125 000 აშშ დოლარის განაღდების შესახებ", – წერია სუს-ის მასალებში.

ეს ერთი შემთხვევა არაა, სადაც შიო მუჯირისა და ლევან ვასაძის კავშირები იკვეთება. მასალებიდან ჩანს, რომ 2019 წელს ხშირი იყო შეხვედრები ამ ორ პიროვნებას შორის. 

მაგალითად, 2019 წლის სექტემბრის ცნობაში ნათქვამია: "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯირს სახლში ესტუმრება ბიზნესმენი ლევან ვასაძე. ცნობილია, რომ ლ. ვასაძეს შ. მუჯირთან სურს გარკვეულ საკითხებზე კონსულტაცია (დეტალები უცნობია)". 

ასევე სექტემბრის ცნობებში წერია: "ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირს აცნობა, რომ საინტერესო საკითხების განხილვის მიზნით სურს მასთან შეხვედრა".

ლევან ვასაძეს შიოს გარდა შეხვედრები უნდა ჰქონოდა კათოლიკოს პატრიარქ ილია II-სთანაც, როგორც სუს-ის მასალების 2019 წლის აგვისტოს ცნობებშია ნათქვამი.

"ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირს განუცხადა, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით სურს მისი მონახულება. თავის მხრივ შ. მუჯირმა ლ. ვასაძეს უპასუხა, რომ მასთან შეხვედრა სურს უწმინდესს და აუდიენციის კონკრეტულ დროს აცნობებს დღეს საღამოს. შეხვედრის კონკრეტული მიზეზი უცნობია".


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები