ფარული მოსმენები

კობახიძე: თუკი რაიმე არის ავთენტური ამ მასალებში, მაშინ ეს უკავშირდება გახარიას გუნდს

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუკი სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენების შედეგად შედგენილ მასალებში რაიმე ავთენტური აღმოჩნდება, მაშინ ეს ყველაფერი უკავშირდება გიორგი გახარიას გუნდს.

კობახიძე ამბობს, რომ გახარიას პრემიერმინისტრობის დროს ფარულ მოსმენებზე კონტროლი ორი ადამიანის ხელში იყო, მათ შორის კი ერთ-ერთი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე და პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყო.

"კონკრეტული პირების ხელში იყო კონტროლი ამ სფეროზე, ერთი იყო სუს-ში და მეორე სხვა უწყებაში, ორივე კონტროლის ბერკეტი ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ პირდაპირ დაკავშირებულები გახარიასთან და მისი რეკომენდაციით დაინიშნენ. აქედან გამომდინარე ყველაფერი არის დღესავით ნათელი.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რა არის, არც ერთი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, არ არის საინტერესო, აბსოლუტურად უინტერესოა, ჩემთან დაკავშირებით იყო რაღაც ინფორმაციები, ვიღაცას ჩემთან ნაკურთხი წყალი.. ნუ კომიკურია ეს ყველაფერი და მეორე უკავშირდებოდა ჯვრის მონასტერთან ვაჭრობას... მე ამ წყალთან დაკავშირებით ინფრომაციაც კი არ მაქვს არანაირი, რაც შეეხება ჯვრის მონასტერთან გარე ვაჭრობას, იქ უამრავი ადამიანი საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რაღაცა სინამდვილე არის აღებული და იმაზე არის შეკერილი რაღაც ქაღალდები, მაგრამ იმდენად უინტერესოა თავის შინაარსით", - თქვა მან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ტელეკომპანიები მთავარი, პირველი და ფორმულა გიორგი გახარიას გუნდის სატელიტ ტელევიზიებად მოიხსენია და თქვა, რომ თუ მასალებში არის რაიმე ავთენტური, მაშინ ძალიან საინტერესო კავშირი იკვეთება.

"კიდევ გავიმეორებ - ერთი რომ აბსოლუტურად უინტერესოა ეს ინფორმაცია, თუკი რაიმე არის ავთენტური ამ მასალებში, მაშინ ეს ყველაფერი უკავშირდება კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს და აქედან იკვეთება რა, ჩვენ ვიცით რომ ეს კონკრეტული ჯგუფი პირდაპირ არი დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან და მის კონკრეტულ ტელევიზიებთან, ეს არის - მთავარი, ტელეკომპანია პირველი და ფორმულა და ძალიან საინტერესო კავშირი იკვეთება, თუ რაიმე არის ავთენტური აქ, მაშინ ამ პირებს უნდა გამოეტენათ, ვისაც აქვს კავშირი ამ ტელევიზიებთან და უნდა გადაეცათ ეს ინფორმაცია, ანუ გახარიას გუნდს უნდა მიეცა ეს ინფორმაცია მისი სატელიტი ტელევიზიებისთვის", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა, ხოლო 13 სექტემბერს სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებში იძებნება მასალები, რომლებიც 2018, 2017, 2016, 2015, 2014 და 2013 წლებით თარიღდება.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები