ფარული მოსმენები

ხაზარაძე ოცნებას: ვინ მოგცათ ეკლესიის მოსმენისა და აღსარების საიდუმლოზე შეხების უფლება?

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციაში, საკუთარი საუბარი ამოიცნო რამდენიმე ადამიანთან და ის პროკურატურაში დაბარებას ითხოვს ჩანაწერების ავთენტურობის დასადასტურებლად.

"მივმართავ გენერალურ პროკურორს, ამოვარდა რამდენიმე ჩემი საუბარი სასულიერო პირებთან. მე ერთი მაჩვენეს, ახლა სხვადასხვა ადამიანების ხელში, ეს ჩემი ინტერესი არ ყოფილა რომ მომეძებნა, ადამიანები მოდიან და მაჩვენებენ ჩემს საუბარს ჩემს მოძღვართან, დედათა მონასტერის წინამძღოლთან და ა.შ. ახლა გენერალურ პროკურორს მივმართავ, როგორც დეპუტატი მამუკა ხაზარაძე, რომ ხვალვე დამიბაროთ პროკურატურაში, რათა დავადასტურო ამ ჩანაწერების ავთენტურობა, ეს ერთი", - თქვა მან.

ხაზარაძისვე თქმით, ლელომ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ჩასატარებლად, სადაც მიწვეულები უნდა იყვნენ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ხელმძღვანელი და საქართველოს პრემიერმინისტრი.

13 სექტემბერს გამოქვეყნებულ სავარაუდოდ, სუს-ის ფარული მოსმენების შედეგად შემდგარ დოკუმენტებში ასობით სასულიერო და საერო პირის ყოველდღიური საუბრების ჩანაწერია. მამუკა ხაზარაძემ გადაცემა რეაქციაში ხაზი გაუსვა ამ ფაქტს და თქვა, რომ სასულიერო პირების მოსმენით ქართული ოცნება ანგრევს სახელმწიფოებრიობას და სამ ფუნდამენტს - მამულს, ენასა და სარწმუნოებას.

"მე გეკითხებით, ვინ მოგცათ თქვენ უფლება რომ ჩაწერო ეკლესიის წარმომადგენლები - პატრიარქი, ჩვენი მოძღვრები და შეეხოთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, აღსარების საიდუმლოებას. თქვენ ამით ანგრევთ სახელმწიფოებრიობას, იმ სამ ფუნდამენტს, რასაც ქვია მამული, ენა, სარწმუნოება, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა.

თქვენ პრემიერო, პარტიის თავმჯდომარევ, ძველო თუ ახალო, ახლა რომ თავს იბრიყვებთ და გამოდიხართ და იძახით, რომ თურმე ასე იმართება ყველა ქვეყანა, თქვენ ბანანის ქვეყანა ხო არ გგონიათ ეს? თქვენ ვინ მოგცათ ამის უფლება, რომ სასულიერო პირებს, ეკლესიას და აგიხსნით ეკლესია რა არის - არის სასულიერო დასი და მრევლის ერთობა, ამით თქვენ უსმენთ ტოტალურად იმ საიდუმლოებას, რომელთან შეხების უფლება არავის აქვს. ეს იქნება თქვენი დასასრული, იმიტომ რომ თქვენ შეეხეთ ყველაზე მნიშვნელოვანს. ვინმეს არ ეგონოს, რომ ვინმე უკან დაიხევს, ან მოსმენის ეშინია. გამავრცელებლებზე რომ დაიწყეთ ახლა აქცენტები გადატანა და ჟურნალისტებს რომ იბარებთ, დაიბარეთ, ვინც ბრძანება გასცა, ვინც ეს აპარატურა შემოიტანა, ვინც ეს ჩაწერა და საღამოობით ბიძინა ივანიშვილს მოსასმენად და წასაკითხად აუტანა", - თქვა მან.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები