ფარული მოსმენები

კალიურანდი მასალებზე: ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარის მარინა კალიურანდის თანახმად, დემოკრატიულ ქვეყანაში ჯაშუშობის და მოსმენების ადგილი არ არის. ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ევროპარლამენტარმა ისაუბრა 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებზე, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს.

კალიურანდმა აღნიშნა, რომ მასალების გავრცელება წინასაარჩევნო პერიოდში პოლარიზაციას ამწვავებს.

"რა თქმა უნდა, ჩანაწერების საკითხი, რომლებმაც გაჟონა, გუშინ განვიხილეთ ევროპარლამენტში, როდესაც გამოყენებული იყო ეს ჩანაწერები პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ოპოზიციის წინააღმდეგ. ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის. ყოველივე ეს ძალიან რთული საკითხებია. პოლარიზება ხდება ქვეყნისა კიდევ უფრო მეტად და მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკოსს, პოლიტიკურ ორგანოსა და ლიდერს, ყველაფერი იღონონ, რისი უნარიც აქვთ, რათა მოხდეს საქართველოში სიტუაციის დეპოლარიზაცია, რათა გაგრძელდეს წინასაარჩევნო კამპანია შესაბამის დონეზე, რათა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები." – ამბობს მარინა კალიურანდი. [ტელეკომპანია ფორმულას თარგმანი]

ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ არ სურს ჩანაწერების ავთენტურობაზე სპეკულირება, თუმცა ჯაშუშობა და მოსმენა არ არის დემოკრატიული. ევროპარლამენტარი იმედს გამოთქვამს, რომ მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

"მე არ მინდა სპეკულირება ამ ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა ნათლად განვაცხადო, ჯაშუშობა, მოსმენა - ეს იქნება დიპლომატების, ოპოზიციის, ეს იქნება სამღვდელობის, მმართველი პარტიის - ეს არ არის დემოკრატიული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების შესაბამისი შტო საქართველოში ძალიან ყურადღებით გააანალიზებს ამ შემთხვევას, მონახავს იმ ადამიანებს, ვინც ჯაშუშობდა და შესაბამისი ზომები იქნება განხორციელებული. ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის." – ამბობს კალიურანდი.


13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები